ბევრ ფილმში შეგხვედრიათ ალბათ მსგავსი სცენა – მოტივირებული, ენერგიული ახალგაზრდა, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად ლიფტში მოხვდეს – როგორც წესი, მსგავსი სცენები ერთნაირად მთავრდება, ჩვენი გმირი იწყებს სწრაფ, ნერვიულ საუბარს საკუთარი თავის შესახებ, ხოლო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი სრულიად უგულებელყოფს მას და ლიფტის ღილაკზე განმეორებით თითის დაჭერით აგრძნობინებს, რომ მასთან ერთად ლიფტში თავს არაკომფორტულად განიცდის. რეალურ სამყაროში, ლიფტს, ბევრი ბიზნესისთვის გადამწყვეტი როლი უთამაშია.
დღეს ვისაუბრებთ ე.წ. ელევეითორ ფიჩზე – ანუ ლიფტში საუბრის წესებზე.
რა არის ელევეითორ პიჩი
ელევეითორ ფიჩი არის მოკლე საუბარი საკუთარი თავის, იდეის, პროდუქტის და მათთან დაკავშირებული რამდენიმე საკვანძო პუნქტის შესახებ. არ აქვს მნიშნელობა რა არის თქვენი მიზანი – შეიძლება იყოს ინვესტორების შეძენა, პროდუქტის პოპულარიზაცია, ბიზნესის რეკლამირება ან თუნდაც საკუთარი თავის პოტენციურ თანამშრომლად შეთავაზება – საუბარი უნდა იყოს სარგებელზე ორიენტირებული და სიტყვით გადმოცემას წუთზე მეტი დრო არ უნდა დასჭირდეს.
ელევეითორ ფიჩი თავდაპირველად გამოიყენებოდა საქმიანი საუბრებისა და ინვესტორებთან პრეზენტაციებში, მაგრამ ბოლო დროს წერილობით ფორმატშიც ხშირად გვხვდება. ფიჩის დროს არ უნდა ეცადოთ მთელი თქვენი ბიზნეს სტრატეგიის გადმოცემას, მისი მიზანია გამოიწვიოთ ან გაზარდოთ მეორე მხარის დაინტერესება, რომელიც მომავალში ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.
წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ ფინტექის ინდუსტრიაში და ესწრებით ღონისძიებას, სადაც ბანკის წარმომადგენლები და გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან. იმის ნაცვლად, რომ ერთი საათი დახარჯოთ თქვენი სტარტაპის დეტალური ბიზნეს სტრატეგიის გაიზიარებაზე და იმაზე საუბარში თუ რის მიღწევას აპირებთ 2057 წლისთვის, თქვენ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევთ და უფრო დიდ ინტერესს აღძრავთ თუ 1 წუთის განმავლობაში მოკლედ მიუთითებთ თქვენი სტარტაპის ერთ ან ორ ძირითად მახასიათებელზე და სარგებელზე.
ელევეითორ ფიჩის კომპონენტები
თქვენი ფიჩი უნდა შედგებოდეს რამოდენიმე კომპონენტისგან:
The Hook: ამ ელემენტის მიზანია აუდიტორიის მოზიდვას, არ არის საჭირო ის იყოს ლამაზი ან რთულად გასაგები, პირიქით ეცადეთ გაამარტივოთ და პირდაპირ საქმეზე ისაუბროთ. მაგალითად, თუ თქვენ პიჩავთ დროის მართვის ხელსაწყოს შესახებ, თქვენი Hook-ი შეიძლება იყოს პირადი ამბავი, როგორიცაა: „როდესაც პირველად დავიწყე ჩემი ბიზნესი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ძალიან ბევრი იყო გასაკეთებელი და არასაკმარისი დრო მქონდა ამისთვის“. ასევე შეიძლება გამოიყენოთ სტატისტიკა. თუ თქვენ საუბრობთ ონლაინ თანამშრომლობის ხელსაწყოს შესახებ, თქვენი Hook-ი შეიძლება იყოს მსგავსი: „2028 წლისთვის ყველა გუნდის 73%-ს ეყოლება დისტანციური თანამშრომლები“.
ღირებულება: ამ ნაწილში თქვენ საუბრობთ ღირებულების შესახებ. წინასწარ შეისწავლეთ თქვენი მსმენელის საჭიროებები და მოამზადეთ დამაჯერებელი არგუმენტი, თუ როგორ შეგიძლიათ დააკმაყოფილოთ ისინი.
მტკიცებულება: ადამიანი, ვისაც ესაუბრებით, შესაძლოა თავს აქნევს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გეთანხმებათ. თვენი წარმატების ზოგიერთი მტკიცებულება ან სტატისტიკა, რომელიც მეტყველებს თქვენს წარმატებაზე, დაგემხარებათ უფრო დამაჯერებელი გახადოთ თქვენი პიჩი.
განმასხვავებელი: თქვენ განსხვავებული ხართ – თქვენი პროდუქტი ან სერვისი არ არის მხოლოდ წინა, არსებული პროდუქტის კიდევ ერთი გამეორება.
მოწოდება მოქმედებისკენ: მოუწოდეთ თქვენს აუდიტორიას მოქმედებაზე. ისინი უკვე დაინტერესდნენ თქვენი პროდუქტით, ამიტომ სთხოვეთ მათ დაგიკავშრდნენ LinkedIn-ზე, მოიწვიეთ ისინი ყავაზე სასაუბროდ, გაუზიარეთ საკონტაქტო ინფორმაცია და დარწმუნდით, რომ გაქვთ შესაძლებლობა, გააგრძელოთ საუბარი.
მოდით ვისაუბროთ კონკრეტულ მაგალითზე და ზემოთ მოყვანილი კომპონენტების დახმარებით რეალური პიჩი ავაწყოთ:
გამარჯობა, მე ვარ გიორგი და წარმოვადგენ Fintech სტარტაპს, Hook:ჩვენ გვაქვს სრულიად განსხვავებული პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მორგებულია საბანკო სისტემებზე ღირებულება: მათი მონაცემების დასაცავად და ოპერაციების გამარტივებისთვის. ჩვენი გადაწყვეტა იყენებს AI-ზე დაფუძნებულ ალგორითმებს და რეალურ დროში თაღლითობის გამოვლენისა შესაძლებლობას გვაძლევს მტკიცებულება: ჩვენ 10 თვის წინ დავიწყეთ თნამშრომლობა XZY ბანკთან, რის შედეგადაც 20%-ით გაიზარდა ონლაინ ანგარიშების გახსნა და 15%-ით შემცირდა თაღლითური ტრანზაქცია. განმასხვავებელი: და საუკეთესო ნაწილი? ჩვენ არასდროს ვიყენებთ ერთსა და იმავე პარამეტრებს და კონფიგურაციას ორჯერ, ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფა სრულიად ერგება ჩვენი თითოეული კლიენტის მოთხოვნებს და მიზნებს ინდივიდუალურად. მოწოდება მოქმედებისკენ: დიდი საიმოვნებით განვიხილავ, თუ როგორ შეიძლება ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფის მორგება თქვენი ბანკის უნიკალურ საჭიროებებსა და მიზნებზე.