- მარკეტინგი რეკლამაა? ბრენდია? ლოგოა?
- არა, მარკეტინგი ცვლილებაა, ის რასაც შენ ცდილობ რომ შეცვალო.
იყო დრო, როდესაც მარკეტინგის ამომავალი წერტილი რეკლამა გვეგონა. ყველას გვახსოვს ის დრო, როცა გაყიდვების გასაზრდელად რეკლამირების სხვადასხვა სახეობებს მივმართავდით. გაყიდვებში პრობლემაა – მოდი, ახალი რეკლამა გადავიღოთ. ვხარჯავდით უამრავ თანხას, ენერგიას, დროს და შედეგით თითქოს, და მაინც უკმაყოფილო ვიყავით. შემდეგ გამოჩნდა ახალი ტექნოლოგიები, გაიზარდა P- ების რაოდენობა და ვფიქრობდით რომ ეს იყო გასაღები. მაგრამ მისი საკეტის მოძებნა თურმე ასეთი მარტივი არ ყოფილა.
მე თუ მკითხავ მარკეტინგი ცვლილებაა. ადამიანის ქცევის შეცვლა, რაც მარტივი საერთოდ არაა, რადგან ცვლილება საფრთხესთან, ეჭვთან და უნდობლობასთან ასოცირდება უმეტესობისთვის. ამიტომაა, როცა რაიმე ახალი პროდუქტის ან ბრენდის ყიდვის გადაწყვეტილებას ვიღებთ ყოველთვის ვორჭოფობთ. იქნებ არ მომეწონოს, არ გაამართლოს ჩემი იმედები და ისევ ჩემთვის ნაცნობი და გამოცდილი ბრენდის პროდუქტის ყიდვა მომიწიოს?, ანუ გამოდის რომ ორმაგი ხარჯის გადახდა მომიწევს. თავიდანვე ძველი , ნაცნობის ბრენდის ყიდვის გადაწყვეტილება კი „თავი ქუდში მაქვს“-ის ტოლფასია. თუმცა, რა მოხდება თუ გაამართლებს, ოდესღაც ის ძველი ბრენდიც ხომ ახალი იყო? – მაშინ, რამ მიგაღებინა ის გადაწყვეტილება? ჩემი პასუხი იქნება, კარგმა მარკეტინგმა და მარკეტერმა.
ცვლილება მარტივი არ არის. როდესაც, რამის შეცვლა გინდა ჯერ საკუთარ თავში უნდა შეცვალო რამე და შემდეგ შენს გუნდში. გუნდის ქცევის შეცვლა უკეთესობისკენ გულისხმობს უკეთ შესრულებულ სამუშაოს, რაც აი იმ გაყიდვების გაზრდაზე აისახება რაზეც დასაწყისში ვსაუბრობდი. არაა აუცილებელი პირდაპირ დიდ ცვლილებებს შეეჭიდო. საუკეთესო პრაქტიკა იქნება დაიწყო პატარა ცვლილებებით, რომლის შედეგსაც დაინახავ და შემდეგ მიხვიდე იმ გარდამტეხ ცვლილებაზე რასაც აპირებ რომ შეცვალო.
ახალი პროდუქტი და ბრენდიც ცვლილებაა, რადგან ის მომხმარებლის ქცევის შეცვლას გულისხმობს. ყიდვის გადაწყვეტილებას, მოწონებას, შეყვარებას, ნდობის ჩამოყალიბებას. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი პროდუქტი იქნება ზოგადი, მასაზე გათვლილი. ასეთი ბრენდების უმრავლესობა შეუმჩნევლად გადიან ბაზრიდან. იმაზე ცუდი რა არის, როცა თქვენს არ ყოფნას ვერ ამჩნევენ. გინდათ თქვენც ასეთი იყოთ?
საბოლოოდ, გეტყვი, რომ მარკეტინგი ხარ შენ. შენ, რომელიც ცვლილებებისთვის ღია ხარ!
მზად ხარ მსოფლიო უკეთესობისკენ შეცვალო?