საჩუქრების არჩევა საკმაოდ დელიკატური პროცესია და გააზრებასა და ორიგინალობას მოითხოვს. დღეს გვინდა გაგაცნოთ Eye Gallery, ინოვაციური სტარტაპი, რომელიც უნიკალურ და პერსონალიზირებულ სერვისს გთავაზობთ.
Eye Gallery, რომელიც არის ხელოვნებისა და ტექნოლოგიების ნაზავი, გთავაზობთ მართლაც არაჩვეულებრივ გამოცდილებას. Eye Gallery -ს მეშვეობით შეგიძლიათ დაამზადოთ საკუთარი თვალების უნიკალური ნიმუშები.
Eye Gallery-ს შესახებ მის დამფუძნებელს მარიამ გომურაშვილს ვესაუბრეთ:
F: მოგვიყევით eye gallery-ს იდეის შესახებ, საიდან გაჩნდა ეს იდეა და რას ემსახურება
ერთ-ერთი მოგზაურობის დროს ქალაქ ფლორენციაში, სრულიად შემთხვევით მოვხვდი თვალის ირისის გალერეაში, სადაც პირველად შევიტყვე თუ როგორ შეიძლებოდა ფერადი გარსის გარდაქმნა მაღალტექნოლოგიური აპარატებისა და სხვადასხვა დიზაინების დახმარებით ნამდვილ შედევრად. როგორც მომავალი ოფთალმოლოგისთვის, თვალი გამორჩეული ორგანოა, რომელიც სამყაროს დანახვასა და აღქმაში გვეხმარება. სწორედ ამიტომ, წლების მერე გადავწყვიტე ჩვენს ქვეყანაშიც შემომეტანა მსგავსი მიმდინარეობა, რომელიც მომხმარებელს მისცემდა საშუალებას საკუთარი თვალის უნიკალურობის დანახვაში.
F:მოგვიყევით eye gallery-ს სერვისების და პროცესის შესახებ
რადგანაც თქვენი თვალების უნიკალურობა, ფერები და დეტალები ჩვენთვის შთაგონებაა, ჩვენ გთავაზობთ განსაკუთრებულ გამოცდილებას: აღბეჭდოთ თქვენი თვალების ინდივიდუალიზმი და უკვდავყოთ თქვენი ირისი ტექნოლოგიის საშუალებით, რომელიც აერთიანებს ფოტოგრაფიას და მაღალი ხარისხის ბეჭდვას როგორც პოსტერზე, ასევე 3D მინაზე.
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა აღმოაჩინოთ თქვენი ირისის სილამაზე მარტოდ, წყვილში, მეგობრებთან, ოჯახთან ერთად… მოიხიბლოთ თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანების თვალებით.
F:შეაფასეთ თქვენი კომპანიის გავლილი გზა იდეიდან პროდუქტამდე – რა სირთულეებს წააწყდით, რა რჩევებს გაუზიარებთ სხვებს ვისაც იდეა აქვს
როგორც უოლტ დისნეი ამბობდა : „შეწყვიტო საუბარი და საქმეს მოჰკიდო ხელი – ეს ერთადერთი გზაა, რომ დაიწყო.“ მივხვდი, რომ საკითხის კარგად გააზრების შემდეგ, არ ღირს ენერგიების ხარჯვა მხოლოდ საუბრისთვის და საჭიროა გადადგა ნაბიჯი საქმის დასაწყებად. ბევრი სირთულის და გამოწვევის მიუხედავად, არ მიფიქრია, უკან დახევა და ოცნებაზე უარის თქმა, რადგან მკაფიოდ ვხედავდი, რამდენად წარმატებული კომპანიის შექმნა შემეძლო. მოტივაციას მიმატებდა ის ფაქტი, რომ საქართველოში მსგავსი პროდუქტის შეთავაზება არ ყოფილა და პირველები ვიქნებოდით. რაც შეეხება რჩევებს, იმ ხალხისთვის ვინც ჯერ კიდეე ორჭოფობს, რეალობად აქციოს თუ არა თავისი იდეა, ვეტყოდი, რომ კარგ იდეასთან ერთად საჭიროა რწმენა და მოთმენა. „ყველაფერი მიღწევადია, რაც კი ჩვენს გონებას შეუძლია წარმოიდგინოს“.
F:რა არის eye gallery-ს სამომავლო გეგმები
ჩვენი კომპანია სამომავლოდ გეგმავს დიდ კომპანიებთან კოლაბორაციებს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთაც.