კომპანია, რომელიც დისტანციურად მუშაობის არაოფიციალური სიმბოლოა, თანამშრომლებს ოფისში აბრუნებს

Covid-19-ის პანდემიამ თითოეული ჩვენთაგანის სამუშაო პროცესი შეცვალა. პანდემიამ განსაკუთრებით შეუწყო ხელი ვიდეო ზარების პლატფორმის ზრდას. თუმცა, მას შემდეგ, რაც Covid-19-ის შეზღუდვები მოიხსნა და თანამშრომლები ოფისში დაბრუნდნენ, Zoom-ის პოპულარულობა შემცირდა. კომპანია, რომელიც გახდა დისტანციური მუშაობის არაოფიციალური სიმბოლო, თანამშრომლების ოფისში დაბრუნებას ითხოვს.

პარასკევს Zoom-მა განაცხადა, რომ შეიმუშვა ჰიბრიდული სამუშაო მოდელი, რომელიც იმ თანამშრომლებს, რომლებიც ცხოვრობენ კომპანიის ოფისიდან 50 მილის მანძილზე, კვირაში მინიმუმ ორი დღე ფიზიკურად ოფისში მუშობას თხოვს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, იმედი აქვთ, რომ ეს ნაბიჯი გააძლიერებს თანამშრომლებს შორის ინტერაქციას და გაზრდის ინოვაციებს.

„ჩვენ გვჯერა, რომ სტრუქტურირებული ჰიბრიდული მიდგომა ყველაზე ეფექტურია Zoom-ისთვის“, -აცხადებენ კომპანიაში.

მიუხედავად იმისა, რომ Zoom 2012 წლიდან არსებობს, 2020 წელს მისი საფონდო ღირებულება მკვეთრად გაიზარდა, რადგან პანდემიამ გამოიწვია მოთხოვნის გაზრდა. თუმცა, მისი აქციები 2021 წლის ბოლოსკენ დაეცა და კომპანიის საბაზრო ღირებულება 2020 წლის პიკის შემდეგ 100 მილიარდ დოლარზე მეტით შემცირდა. ორშაბათს დილის მდგომარეობით, Zoom-ის აქციები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 40%-ით შემცირდა.

2022 წლის იანვარში Zoom-ის თანამშრომლების მხოლოდ 2% მუშაობდა ოფისებში, დანარჩენი კი დისტანციურად. კომპანიაში დასაქმებულია 8400-ზე მეტი თანამშრომელი და მათი ოფისები განთავსებულია სან ხოსეში, დენვერში და ასევე ევროპისა და აზიის რამდენიმე ქვეყანაში.

Zoom-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ დასაქმებულთა 43% მიიჩნევს, რომ მოქნილი სამუშაო გრაფიკი ფუნდამენტური მოლოდინია და არა უპირატესობა, ხოლო 70% აპირებს სამუშაოს შეცვლას უფრო მოქნილი სამუშაო გარემოსთვის.

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს