ყველა ჩვენგანს ჰყავს მეგობარი, რომელიც ამბობს: “ebay-ს შექმნის იდეა მეც მომივიდა თავში და ამაზე რომ მემუშავა, ახლა მილიარდერი ვიქნებოდი”, ეს რბილად რომ ვთქვათ უაზრო ლოგიკაა, ebay-ს შექმნის იდეის ავტორობას არაფერი აქვს საერთო უშუალოდ ebay-ს შექმნასთან
ჯეისონ ფრაიდი და დევიდ ჰაინeმაიერ ჰანსონი, REWORK
ფრიდი და ჰანსონი ამტკიცებენ, რომ იდეები არაფერია შესრულების გარეშე. Rework-ში ვკითხულობთ „გგონია, რომ შენი იდეა ასე ღირებულია? შეეცადეთ მის გაყიდვას და ნახავთ რამდენს გადაიხდიან ამაში. ალბათ თქვენვე მიპასუხებთ – ძალიან ცოტასო. ეჭვი არ შეგეპაროთ, იდეა ყველას აქვს. იდეა იდეად დარჩება მანამ, სანამ მის განცხორციელებას არ შეეცდებით.”
ფრიდის და ჰანსონის გარდა, თქვენ ნახავთ ბევრ სხვა გამოცდილ მეწარმეს, ინვესტორს და პროფესიონალს, რომლებიც ამას გამუდმებით იმეორებენ, ასე რომ ჯობს გაითვალისწინოთ ეს რჩევა: თქვენი ბიზნეს იდეის საიდუმლოდ შენახვამ შეიძლება მნიშვნელოვნად დააზიანოს თქვენი მომავალი ბიზნესი და შეამციროს იდეის განხორციელების შესაძლებლობები. და აი რატომ:
უნიკალური იდეები იშვიათია
თითქმის არ არსებობს უნიკალური ბიზნეს იდეა. მაშინაც კი, თუ ასე გჯერათ, შეეცადეთ კარგი კვლევა ჩაატაროთ თქვენი იდეის ირგვლივ. აღმოაჩენთ, რომ უამრავი ადამიანი იყო, არის და მუშაობს მსგავს იდეებზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. და ამან არ უნდა შეგაშინოთ!
სხვათა შორის, კონკურენტების ყოლა ნამდვილად კარგია, რადგან ეს შეიძლება იყოს თქვენი იდეის ან პრობლემის გადაჭრის დამატებითი ვალიდაციის წყარო, ასევე შეგიძლიათ ბევრი რამ ისწავლოთ თქვენი კონკურენტებისგან, მათი შეცდომებისა და მიღწევების გაანალიზებით.
იდეის ვალიდაცია აუცილებელია
პირველადი იდეა, პოტენციურ მომხმარებლებთან გაზიარების და ვალიდაციის გარეშე ვერ განვითარდება. გამოხმაურებისა და კრიტიკის მიღება აუცილებელია. იდეის დამალვით თქვენ უბრალოდ გამოტოვებთ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს თქვენი მომხმარებლის შესწავლისა და იდეის ვალიდაციის პროცესში.
ამიტომ, თქვენი ბიზნეს იდეის გაზიარება რაც შეიძლება მეტ პოტენციურ მომხმარებელთან საუკეთესოა, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი მომავალი ბიზნესისთვის. და აღარფერს ვამბობთ იმაზე, რომ არ დაკარგავთ უამრავ დროს და ფინანსებს უსარგებლო ფუნქციების განვითარებისთვის.
შესრულება ყველაზე მნიშვნელოვანია
სინამდვილეში ყველაზე მნიშვნელოვანი არის შესრულება. როდესაც სხვადასხვა სტარტაპ გუნდი ერთმანეთს ეჯიბრება, რომლებიც მუშაობენ მსგავს იდეაზე, მათი შესრულების გზები მნიშვნელოვნად განსხვავდება და ამიტომაც ზოგიერთი მათგანი მარცხდება, ზოგი კი იმავე იდეებით იმარჯვებს.
გუნდის შექმნა
შესრულება დიდწილად დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, რომელთა ჩართვა მოახერხეთ თქვენი სტარტაპის განვითარებაში. მაშინაც კი, თუ თქვენ მარტოს შეგიძლიათ საკუთარი იდეის დაწყება, მალე დაგჭირდებათ სხვა ადამიანები პროდუქტის განვითარების, მარკეტინგის, დიზაინისა და მილიონობით სხვა ამოცანისთვის.
ისინი, ვინც უერთდებიან თქვენს სტარტაპს ძალიან ადრეულ ეტაპზე, ჩვეულებრივ ხდებიან თქვენი “ძირითადი გუნდის” წევრები და როგორც წესი, საწყის ეტაპზე არც ისე ადვილია კვალიფიციური და გამოცდილი პროფესიონალების მოზიდვა.
როგორ უნდა შეძლოთ სხვების დაინტერესება? თქვენი იდეის შესახებ რაც შეიძლება დეტალურად უნდა მოუყვეთ, დაანახოთ ის პერსპექტივები რასაც თქვენ ხედავთ, სწორედ ასე შეძლებთ იპოვოთ დაინტერესებული და მოტივირებული ადამიანები, რომლებიც საბოლოოდ თქვენი გუნდის წევრები გახდებიან.
დაფინანსების მოზიდვა
თუ თქვენ ადრეულ ეტაპზე გჭირდებათ გარკვეული გარე დაფინანსების მოზიდვა, შეგიძლიათ მიმართოთ ინვესტორებს. მაგრამ ისინი თქვენგან გარკვეული დავალებების შესრულებას მოითხოვენ, მაგალითად თქვენი იდეის პოტენციურ კლიენტებთან და პარტნიორებთან ვალიდაციას, ძირითადი გუნდის შექმნას, და ა.შ. ძნელად წარმომიდგენია ინვესტორი, რომელიც ინვესტირებას განახორციელებს მხოლოდ იდეაში, რომელიც თქვენ თავში გაქვთ.
ზემოთ ჩამოთვლილის გარდა არსებობს მრავალი სხვა ფაქტორი, რომელიც ადასტურებს იმას, რომ იდეის არ გაიზარება უმეტეს შემთხვევაში წამგებიანია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სტატიაში მოყვანილი მიზეზები უკვე საკმარისია იმისათვის, რომ განთავისუფლდეთ ილუზიებისგან, რომ იდეები შეიძლება ჩაითვალოს თქვენს აქტივად. ამიტომ დაფიქრდით, რა ღირს თქვენი იდეა? და რას კარგავთ მისი არ გაზიარებით.