ყველასათვის ნაცნობი შეგრძნებაა, როდესაც ახალ სამუშაო ადგილზე მივდივართ და ვნერვიულობთ: მიმიღებს ახალი კოლექტივი? როგორ მომეპყრობიან კოლეგები? სამსახურში დიდ დროს ვატარებთ და ფსიქოლოგიური კომფორტი ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე შემდგარ კოლექტივში ყოველთვის რთულია შესვლა და შესაძლოა პირველი პერიოდი როგორც უცხოს ისე შემოგხედონ. როგორ მოვიპოვოთ ნდობა და პატივისცემა ახალ კოლეგებს შორის?
რასაკვირველია, სხვადასხვა სოციალური მდგომარეობის, ასაკის, ხასიათის და ა.შ. ადამიანები სხვადასხვა გზას ირჩევენ. თუმცა არსებობს უნივერსალური რჩევები, რომელიც კოლექტივის პატივისცემის მოპოვებაში ემოციურ ახალგაზრდასაც დაეხმარება და ასაკში მყოფ მშვიდ კაცსაც.
ყურადღება მიაქციეთ საკუთარ გარეგნობას
ხვდებიან ტანსაცმლით და აცილებენ ჭკუის მიხედვით. მიიღეთ ეს მარტივი ჭეშმარიტება წესად. იერი – პირველია, რითაც შეგაფასებენ და პირველად წარმოდგენას შეიქმნიან. რაც გევალებათ ისაა, რომ სასიამოვნოდ და სუფთად გამოიყურებოდეთ. ეს ეხება ტანსაცმელსაც და ვარცხნილობას და მაკიაჟსაც (ბუნებრივია, თუ ქალბატონი ბრძანდებით). პირველ სამუშაო დღეს კი შესაძლებელია ისე წახვიდეთ, როგორც პაემანზე.
გაიღიმეთ
კოლეგებთან კეთილგანწყობით იურთიერთეთ, საუბრისას გაეცით გულწრფელი ღიმილი. შეეცადეთ მოსაუბრეს თვალებში უყუროთ და იყავით მის ნათქვამზე ყურადღებით. ეს არც თუ რთული წესები თქვენს კოლეგებს დაარწმუნებს, რომ თქვენ დაინტერესებული ხართ ურთიერთობით და გსიამოვნებთ მათთან საუბარი. პატივისცემასთან ამას პირდაპირი დამოკიდებულება აქვს.
კარგად გააკეთეთ თქვენი საქმე
პროფესიონალები ყოველთვის იმსახურებენ პატივისცემას. პროფესიონალი ერთ დღეში ვერ გახდები და ამას წლები სჭირდება. თუ ახალ პროფესიაში მუშაობას ახლა იწყებთ, ეს აპრიორი იმას არ ნიშნავს, რომ უპატივცემულოდ მოგექცევიან. მაგრამ მზად იყავით, რომ უფრო მეტი მუშაობა მოგიწევთ, რათა დაუმტკიცოთ კოლეგებს, რომ რაღაცას წარმოადგენთ როგორც სპეციალისტი.
პატივისცემით მოეპყარით კოლეგებს
ფსიქოლოგიურ ფორუმებზე ხშირად შეხვდებით ფრაზას: „მოექეცით ადამიანებს კარგად და მაშინ ისინიც კარგად მოგექცევიან“. ეს „წესი“ შესაძლოა პატივისცემაზეც გადმოვიტანოთ. ალბათ ძნელად თუ მოიპოვებთ პატივისცემას, თუ თავად უპატივცემულოდ მოექცევით.
მნიშვნელოვანი მომენტი: შეეცადეთ მაქსიმალურად დაიმახსოვროთ ახალი კოლეგების სახელები გაცნობისას. ადამიანისთვის მისი სახელი ყველაზე სასიამოვნო ხმაა და თუ მეორე დღესვე სახელით მიმართავთ, ესიამოვნება, რომ დაიმახსოვრეთ რა ჰქვია.
მოექეცით საკუთარ თავს პატივისცემით
კიდევ ერთი ფრაზა: „პატივი ეცი საკუთარ თავს და მაშინ სხვებიც გცემენ პატივს“. მართალიცაა, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა არასტანდარტულად ჟღერს. თუ ადამიანი ნებას აძლევს ის გამოიყენონ, ყველაფერს უთმობს, თვალს ხუჭავს მისი მისამართით უხეშობაზე – მოკლედ, არ სცემს პატივს საკუთარ თავს – ვერასოდეს ვერ დაიმსახურებს პატივისცემას სხვების მხრიდან.
შეასრულეთ მიცემული სიტყვა
ადამიანი, რომელიც არ ასრულებს საკუთარ პირობას, სულ უფრო და უფრო დაეცემა გარშემომყოფების თვალში. პატიოსნება – ადამიანის ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაა. არ აქვს მნიშვნელობა რა პირობას იძლევით – სამუშაო საკითხებზე თუ პირადზე. კარგად დაფიქრდით, შეძლებთ კი რეალურად პირობის შესრულებას.
ადეკვატურად მიიღეთ კრიტიკა
თუ ფიქრობთ, რომ პატივსაცემი ადამიანი არასოდეს დაუშვებს შეცდომას და მას არასოდეს გააკრიტიკებენ, ცდებით. კოლექტივში, სადაც თანამშრომლები მეტწილად ერთი და იგივე საქმით არიან დაკავებული, აუცილებლად იქნება კრიტიკა. ის ასევე წამოვა ხელმძღვანელობისგან. ამას ვერ ასცდებით და პროფესიონალმა ის დრო და დრო უნდა მიიღოს. თუ თქვენ ამას არაადეკვატურად გააკეთებთ – შეეცდებით დაამტკიცოთ, რომ თქვენ დაუმსახურებლად გაკრიტიკებენ ან საპასუხოდ იქით დაიწყებთ კრიტიკას, ეს რეპუტაციას არ შეგმატებთ. ადამიანი, რომელსაც შეუძლია მშვიდად და ყურადღებით მოისმინოს შენიშვნა და დასკვნებიც გამოიტანოს, მეტ პატივისცემას დაიმსახურებს.
მოიქეცით კულტურულად
სამსახურში მოგიწევთ გარკვეული ქცევის წესების დაცვა. ჩაიცვით სუფთად, თანამდებობის შესაბამისად. ეს ცოტა სტერეოტიპულია, მაგრამ მენეჯერი პიჯაკში ქვეცნობიერად მეტ პატივისცემას იმსახურებს, ვიდრე სპორტულ მაისურში. თუმცა ეს დამოკიდებულია საწარმოსა და თქვენს კონკრეტულ სამუშაოზე. თანაც ზედმეტიც არ უნდა მოგივიდეთ ოფიციალურ სამოსთან დაკავშირებით.
ისაუბრეთ გამართულად, არ დაარღვიოთ სუბორდინაცია, გამოიყენეთ ეთიკისა და ეტიკეტის წესები.
არ ისაუბროთ ადამიანებზე ცუდად მათ ზურგს უკან, არ იუხეშოთ.
ჭორაობაც – საუკეთესო ვარიანტი არ არის, მით უმეტეს თუ ახალი მისული ხართ.
სჯობს საკუთარ თავზე ისაუბროთ და გულწრფელად დაინტერესდეთ კოლეგების ცხოვრებით.
გქონდეთ საკუთარი აზრი
ყველა საკითხში დაიცავით საკუთარი პოზიცია და მოსაზრება. ეს აგრესიულად არა, რბილად უნდა გააკეთოთ. გამოიჩინეთ პატივისცემა სხვისი აზრის მიმართ, მაგრამ არც საკუთარზე თქვათ უარი. კოლეგებს არ უნდა აგრძნობინოთ, რომ მარტივია თქვენით მანიპულირება.
ხოლო თუ არ ხართ ჩამოყალიბებული განსახილველ საკითხში, სჯობს აქტიურ მონაწილეობას მოერიდოთ. პირველი პერიოდი ახალ კოლექტივში მოერიდეთ ჩვეულებისამებრ ცხარე საკამათო თემებს – პოლიტიკა, რელიგია, არატრადიციული ურთიერთობები.
იყავით საკუთარი თავი
შესაძლოა ახალ კოლექტივში მისვლისას, მოისურვოთ იყოთ უფრო სერიოზული, უფრო კეთილგანწყობილი ან მხიარული, ვიდრე ჩვეულებრივ ხართ. მაგრამ არ არის საჭირო იყოთ ისეთი, როგორიც არ ხართ. ზედმეტი სერიოზულობა გამოიწვევს იმას, რომ ადამიანები თქვენთან მოიწყენენ. ზედმეტი კეთილგანწყობა გაღიზიანებას გამოიწვევს. ზედმეტად მხიარული ადამიანისგან კი მალე დაიღლებიან. სასურველი პატივისცემის დევნაში შესაძლოა მარტივად დაკარგოთ საკუთარი სახე. მოიქეცით ისე, როგორც გრძნობთ. და თქვენს დადებით თვისებებს აუცილებლად სათანადოდ შეაფასებენ. თქვენ ხომ ის გინდათ, რომ პატივი გცენ, როგორიც ხართ ისეთს?…