თქვენმა შრომამ და თავდადებამ შედეგი გამოიღო და მზად ხართ თქვენი სტარტაპის დასაწყებად, მაგრამ სანამ ამას გააკეთებთ, თქვენ უნდა იპოვოთ ინვესტორები, რომლებიც მზად არიან ინვესტიცია განახორციელონ თქვენს იდეაში.
პოტენციურ ბიზნეს ინვესტორთან კარგი შთაბეჭდილების მოხდენის მხოლოდ ერთი შესაძლებლობა გაქვთ, ამიტომ საჭიროა კარგად მოემზადოთ იდეის წარსადგენად, რადგან გახსოვდეთ – თქვენს განკარგულებაში მხოლოდ პირველი 30 წამია.
თუ ამ სტატიას კითხულობ, ალბათ ბევრჯერ მოგსვლია თავში შემდეგი ფიქრები: კარგი იდეა მაქვს და ახლა რა ვქნა? ინვესტორები სად ვიპოვო? ან როგორ წარვადგინო ჩემი იდეა საინტერესოდ?
ამ და კიდევ სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს ამ სტატიაში იპოვი. ინვესტორისა და სტარტაპების ურთიერთობაზე Founders.ge საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის, Axel-ის მმართველ დირექტორს, ირო ცაგარეიშვილს ესაუბრა.
F: თქვენ ხართ პირველ ანგელოზ ინვესტორთა გაერთიანება, მოდი მოკლედ მოგვიყევით რას ნიშნავს ანგელოზი ინვესტორი ? და ვის შეუძლია გახდეს ანგელოზი ინვესტორი?
მოდი, აქ მოვიყვან ძალიან კარგ განმარტებას, რომელიც ჩვენი წევრებისთვის განკუთვნილ ლექსიკონში გვიწერია ანგელოზი ინვესტორის შესახებ:
Angel Investor – იგივე ენჯელი, ანგელოზი ინვესტორი, მთლად ფრთები არ აქვს, მაგრამ პროგრესული, ძალიან კარგი ტიპი, რომელმაც დააგროვა გარკვეული მიმართულებით გამოცდილება და კაპიტალი, თავის სფეროში დადებული აქვს მნიშვნელოვანი შედეგები და აქვს საინტერესო კონტაქტები, მხარს უჭერს ახალ იდეებს და ნათელი გონების მქონე გუნდებს, რომლებსაც მსოფლიოს დაპყრობა უნდათ.
მცირე წილის სანაცვლოდ, ანგელოზი ინვესტორი სტარტაპებში დებს ინვესტიციებს – მინიმუმ 5,000$-ს წლის განმავლობაში (ეს 5,000$ აქსელის მინიმალური „ბილეთია“, რითიც შეუძლია ჩვენს წევრს ინვესტირების დაწყება აქსელის გავლით).
ჩვენი წევრები თვითონ იღებენ გადაწყვეტილებებს, თუ რომელ სტარტაპში ჩადონ თანხა. ანუ, აქსელი არ არის ფონდი – არამედ სინდიცირებით ხდება ინვესტირება.
სინდიცირება კი მაგალითით შეგვიძლია განვმარტოთ: წარმოიდგინეთ, რომ სტარტაპი ითხოვს 40,000$-ს. ერთმა წევრმა შესაძლოა 10,000$ დადოს, მეორემ 5,000$, დანარჩენებმა კი 1,000, 20,000 ან ნებისმიერი სხვა თანხა.
ჩვენი ანგელოზები თვის განმავლობაში ხარჯავენ 12-18 საათს ანგელოზ-ინვესტორობაში. მათ სიამოვნებთ ახალი, საინტერესო ხალხის გაცნობა, შეუძლიათ უცხო ადამიანებთან ერთად სიცილი და კარგად დროის გატარება, დაცვით არ დადიან და სხვების ანეკდოტებზეც იცინიან.
თუ ამ განმარტებაში მკითხველი ამოიცნობს თავს, აქვე შევთავაზებ აქსელში გაწევრიანებას, რასაც ამ ბმულით შეძლებენ: https://axelnetwork.org/#rec325638032
F: თქვენი როლი როგორია, სტარტაპის და ინვესტორის დაკავშირების კუთხით, გარდა შეხვედრების ორგანიზებისა როგორ ერთვებით პროცესში ?
აქსელი უწევს ორგანიზებას და ფასილიტაციას მთელ პროცესს.
აი, რომ წარმოიდგინოთ, სტარტაპს შემოაქვს აქსელში განაცხადი ამ ბმულის მეშვეობით: https://app.dealum.com/#/company/application/new/53212/1325ln5dnmx46cs2frscndss6vxpmmn5
გამოვიყენებ შემთხვევას და თან მოვუწოდებ სტარტაპებს, რომ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, თუ ფიქრობენ რომ მზად არიან ინვესტიციის მისაღებად.
განაცხადის შემოსვლის შემდეგ, ჩვენი საინვესტიციო საბჭო განიხილავს სტარტაპებს, ვარჩევთ რამდენიმე საუკეთესოს და მათ ვუკავშირდებით. შემდეგ კი, სათითაოდ ვუნიშნავთ 1-2 საათიან ე.წ. „სქრინინგ“ სესიას, სადაც უამრავ რეკომენდაციას ვაძლევთ სტარტაპებს, ვათანხმებთ პირობებს და ა.შ.
თუ „სქრინინგი“ სტარტაპმა წარმატებით გაიარა, უკვე ვუშვებთ ჩვენს ყოველთვიურ საინვესტიციო შეხვედრაზე გასაფიჩად. ასეთ შეხვედრებზე, როგორც წესი 4-5 ტექნოლოგიური სტარტაპი გვყავს მოწვეული. შემდეგ, თითოეულ მათგანთან ასევე ინდივიდუალურად ვაორგანიზებთ ონლაინ ქოლებს, 2-3 საათის განმავლობაში სტარტაპი არის ონლაინ და სცემს პასუხებს ჩვენი წევრების კითხვებს. სწორედ ამ დროს იღებენ ჩვენი ანგელოზი ინვესტორები გადაწყვეტილებას.
ქოლიდან 3-4 კვირაში კი, თანხა ირიცხება სტარტაპთან. როგორც ხვდებით, ეს საკმაოდ მოკლე ვადაა, ევროპაში 3-6 თვე სჭირდებათ მინიმუმ, მაგრამ ჩვენ და ჩვენი წევრები ვხვდებით, რომ ქართულ სტარტაპებს სასწრაფოდ სჭირდებათ runway-ისთვის საჭირო ინვესტიცია და ვცდილობთ, ჩვენც სასწრაფოდ მივცეთ თანხა.
სტარტაპს ფაქტობრივად მხოლოდ ამ ნაწილის გავლა უწევს. Q&A ქოლიდან 3 კვირაში კი გამოჩნდება აქსელის მმართველი დირექტორი მათთან, ხელშეკრულებას მოაწერს ხელს და მაშინვე უჯდებათ საინვესტიციო თანხა.
რაც შეეხება წევრების მხარეს – აქსელი აორგანიზებს პროცესებს, მათ შორის სინიდიცირებას და წევრებსაც ფაქტობრივად მხოლოდ SPV კომპანიაში თანხის ჩარიცხვა და სულ ბოლოს 1 დოკუმენტის ხელმოწერა უწევთ. შესაბამისად, აქსელში როგორც ინვესტორობა, ასევე სტარტაპერობა დაკავშირებულია – სიმარტივესთან და სისწრაფესთან.
F: რა ინფორმაცია მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვანად სტარტაპის ინვესტიციის პოტენციალის შესაფასებლად? არის თუ არა რაიმე კონკრეტული ტიპის მონაცემები, რომლებსაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას აქცევენ ინვესტორები?
ამასთან დაკავშირებით, წევრებს შორის მინი-გამოკვლევა ჩავატარეთ და მივიღეთ ის პასუხი, რასაც ჩვენც ველოდით. წევრები თანხას აინვესტირებენ პირველ რიგში გუნდში, გუნდის ხედვაში, მათ გამოცდილებასა და მომავლის პერსპექტივებში.
რა თქმა უნდა, აქცევენ ყურადღებას სხვადასხვა მონაცემებს, მათ შორის: კომპანიის შეფასებას – valuation-ს. ასევე, traction-ს, ანუ აქვს თუ არა სტარტაპს უკვე გადადგმული ქმედითი ნაბიჯები, ჰყავს თუ არა თუნდაც early-adopter კლიენტები და ა.შ.
მნიშვნელოვანია ასევე არსებული ინვესტორების ნაწილიც – აქვთ თუ არა უკვე „აწეული“ ინვესტიცია.
F: და ბოლოს, 5 რჩევა, რომელსაც ქართულ სტარტაპებს ურჩევთ იმისთვის, რომ ინვესტიცია მოიპოვონ
- ყურადღება მიაქციონ გუნდის აღწერას, რადგან ეს იქცევს ყველაზე მეტად ყურადღებას.
- ისაუბრონ რიცხვებით და იმით, რაც ამტკიცებს სტარტაპის სამომავლო წარმატებას
- მომავალზე საუბრის დროს, ნუ იქნებიან მორიდებულები. მოუყვნენ ინვესტორებს, როგორ ხედავენ კომპანიას უახლოესი 3 წლის შემდეგ. მოყვნენ, რა KPI-ებს უნდა მიაღწიონ, რომ შესაბამისად მოხდეს განსაზღვრა, სად როდის იქნებიან.
- წარმოიდგინონ, რომ იდეის შესახებ უყვებიან თავიანთ ბებიას, ან ბაბუას. ძალიან განათლებულ, პროგრესულ ადამიანებს, რომლებსაც მათი დახმარება ყველაზე ძალიან უნდათ. მაგრამ, მიუხედავად მათი განათლებისა, პროგრესულობისა, ნაკითხობისა – შესაძლოა არ იცნობდნენ ტერმინოლოგიას, ვერ აღიქვამდნენ ბოლომდე ტექნოლოგიას, რომელსაც ქმნიან. ფიჩინგიც იგივეა – შესაძლოა წინ ეჯდეთ ძალიან მოტივირებული ინვესტორი, თუმცა, მას მარტივ, გასაგებ ენაზე უნდა განუმარტონ ყველაფერი, არ დააბნიონ და პირიქით, მიიზიდონ თავიანთი სიმარტივით.
- რა არის გუნდის, ან იდეის, ან ტექნოლოგიის ყველაზე ძლიერი მხარე? ეს უნდა იცოდნენ სტარტაპებმა პირველ რიგში. და რაც აქვთ ყველაზე მაგარი – ის უნდა გახდეს ინვესტიციის ჩადების მთავარი მოტივატორი.
მოგეწონა სტატია?