2 ოქროს წესი ბიზნესში

ბევრი ვიფიქრე თუ როგორ შეიძლებოდა დამეწყო ეს სტატია.  დიდი ალბათობით, სათაურიდან გამომდინარე „წარმატების ფორმულის“ მოლოდინში ხართ. რადგან დაინტერესდით და  კითხულობთ ალბათ, ელოდებით 2 პუნქტად ჩამოწერილ კეთილ რჩევას, რომელიც თქვენი ბიზნესის  გამოსაცოცხლებლად გჭირდებათ. მაშინ, მოდი ბევრი შესავლის გარეშე დავიწყოთ.

მცირე სიცოცხლისუნარიანი ბაზარი

ბაზარი ძალიან დიდია. ბევრად უფრო დიდი ვიდრე 5 წლის წინ იყო და 5 წლის მერე უფრო დიდი იქნება ვიდრე ახლა. დღეს ყველანაირი სურვილისა თუ საჭიროების დაკმაყოფილების ასობით და ათასობით ვარიანტი გვაქვს. არ არსებობს პროდუქტი თუ მომსახურება რომელსაც ვერ იპოვი. ყოველ დღე ახალი კომპანია ემატება ამ დიდ მოძრაობას და ყოველ დღე ახალ სეგმენტს ვემსახურებით.

ახლა, კითხვა მაქვს შენთან, როგორც ახალი ან თუნდაც ძველი კომპანიის წარმომადგენელთან.

  • ვინ არიან შენი მომხმარებლები?  ვის გინდა რომ ემსახურო?

იმედი მაქვს შენი პასუხი ყველა არ იქნება. არ იფიქრო, რამე საწინააღმდეგო მაქვს ყველასთან, უბრალოდ ყველა – საშუალოს ნიშნავს.  საშუალო ხარისხი, საშუალო მომსახურება, საშუალო პროდუქტი… ეს დამაკმაყოფილებელია?

რას იზამდით, თუ ვიტყოდი, რომ შეგექმნათ თქვენი მცირე სიცოცხლისუნარიანი ბაზარი?  ალბათ იკითხავდით რატომ ჯობს პირობითად 1000 მომხმარებელი თქვენივე საყვარელ მასას?

სწორედ იმიტომ, რომ ის 1000 კაცი იქნება თქვენი ადრეული ამთვისებელი. ისინი იდგებიან რიგში მოთმინებით, რათა თქვენი პროდუქტი შეიძინონ. ისინი მოუყვებიან თქვენზე მათ მეგობრებს. პატარა შეცდომის მიუხედავად არ იყიდიან თქვენ მსგავს პროდუქტს კონკურენტებისგან. სხვა სიტყვებით რომ გითხრათ, ისინი გაყიდიან თქვენ პროდუქტს.

ასეთ ბაზარს სწორედ რომ შექმნა სჭირდება. მიმდევრების შემოერთება და იმ ღირებულების შეთავაზება რაც მათთვის მნიშვნელოვანია ძალიან რთულია. ამისათვის ზუსტად ისეთი სამიზნე აუდიტორია უნდა შემოიკრიბო, რომელიც გიერთგულებს, რომელიც შენ იდეებს გაიზიარებს და სხვებთან გაავრცელებს. ასეთი ადამიანების სიტყვის ძალის დახმარებით ათასი კაცი გაორმაგდება, გაათმაგდება, გაასმაგდება და შემდეგ ერთ მთლიანობად ჩამოყალიბდება (ცალსახაა მასაზე არ ვსაუბრობ).

კონკურენტები

ნებისმიერ წარმატებულ კომპანიას თუ კითხავთ – ვინ არიან შენი კონკურენტები? ისინი გიპასუხებენ: „წარმოდგენა  არ მაქვს“ – და ეს შესანიშნავია.

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რომ ჩვენ კონკურენტებზე უკეთესი პროდუქტი შევქმნათ, უკეთესი მომსახურება შევთავაზოთ მომხმარებელს, უკეთესი ხარისხი და მიწოდების პირობები შევუქმნათ მათ. ხან თვალისმომჭრელ მარკეტინგს ვიყენებთ, ხან უზარმაზარ ბანერს ჩამოვკიდებთ, ხან ფასდაკლებას ვთავაზობთ. აი, ასე, დაუსრულებლად …  ყოველთვის ვეჯიბრებით ერთმანეთს,  ყოველთვის გვინდა რომ ჩვენ ვიყოთ საუკეთესო.

მაგრამ, თუ გიფიქრიათ იმაზე, რომ ერთადერთი ვისაც უნდა შეეჯიბროთ და გამოიწვიოთ თქვენი თავია?  დავალება „ვაჯობოთ ჩვენ კონკურენტ XX-ს!“ შევცვალოთ და დავამკვიდროთ ასე: „ვაჯობოთ ჩვენი 1 კვირის წინანდელ შედეგს“.  საბოლოოდ მიიღებთ იმას, რომ თქვენ ყოველ ჯერზე საკუთარ შედეგს გააუმჯობესებთ, თქვენივე თავს გამოიწვევთ და აჯობებთ. და რა არის ამაზე უკეთესი შეგრძნება?

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს