ქრონოტიპი არის ჩვენი ბიოლოგიური საათის ანუ ცირკადული რიტმის, ერთ-ერთი სახე. ეს ის შინაგანი მექანიზმია, რომელიც განსაზღვრავს, დღის რომელ საათებში ვართ მეტად კონცენტრირებულები, კრეატიულები ან ენერგიულები.
ალბათ შენც შენიშნე, რომ ოფისში ხალხს ლანჩის შემდეგ ეტობა დაღლილობა და კონცენტრაციის დაკარგვა, სინამდვილეში ამაში ქრონოტიპს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს. მაგალითად, ზოგი დილაობით ძლივს იღვიძებს და 2-3 საათის განმავლობაში მუშობას გულს ვერ უდებს, სხვები კი პირიქით – დილიდან ენერგიულები არიან, მაგრამ შუადღის შემდეგ ვერაფრით უბრუნდებიან პროდუქტიულ რეჟიმს.
შენი ქრონოტიპი პირდაპირ მოქმედებს იმაზე, დღის რომელ საათებში ხარ:
- ყველაზე კონცენტრირებული,
- ყველაზე კრეატიული,
- შეცდომის დაშვების რისკის ქვეშ,
- და ყველაზე სპონტანური.
როგორ გავიგო ჩემი ქრონოტიპი?
დოქტორ მაიკლ ბრეუსი თავის წიგნში „The Power of When“ ოთხ ქრონოტიპს გამოყოფს და მათ ცხოველებს ადარებს:
| ქრონოტიპი | ძირითადი მახასიათებლები | საუკეთესო დრო მუშობისთვის | პროდუქტიულობის რეკომენდაციები |
|---|---|---|---|
| ლომი | ადრიანად იღვიძებს, მიზანმიმართული, სტრუქტურაზე დამოკიდებული | 6:00 – 12:00 | დილა გამოიყენე სტრატეგიული ან მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის. არ გირჩევ ღამის საათებში მუშაობას. |
| დელფინი | ზედმეტად ფხიზლად ძინავს, ინტელექტუალი, პერფექციონისტი | 10:00 – 14:00 | დილა და საღამოები მსუბუქი საქმეებისთვის გამოიყენე. ძილის წინ განტვირთვის რიტუალი აუცილებელია. |
| დათვი | სტაბილური, რუტინაზე ორიენტირებული, 9-დან 5-მდე ენერგიით | 10:00 – 14:00 | გვიანი დილა გამოიყენე კონცენტრაციისთვის, დაღლილობის დროს დაისვენე. |
| მგელი | ღამის ბუს ტიპი, კრეატიული, ემოციური, დილაობით მუდმივად ეძინება | 16:00 – 22:00 | დილას მსუბუქი საქმეები, შუადღე ფოკუსი სამუშაოზე, ღამე – კრეატიულობა. დაიცავი ძილის გრაფიკი. |
ლომის ქრონოტიპი
ლომები სამყაროს ადრიანად გამღვიძებლები არიან – ადამიანები, რომლებიც მაღვიძარასაც კი ასწრებენ, გაღვიძებისას თავს ენერგიულად გრძნობენ და მზად არიან საქმისთვის. თუ შენ დილაადრიანვე ასრულებ საქმეს, სანამ სხვები ჯერ კიდევ ყავას სვამენ – დიდი ალბათობით, შენ ლომი ხარ.
დოქტორ მაიკლ ბრეუსის აღწერაში, ლომის ქრონოტიპი ეკუთვნის ადამიანებს, რომლებიც დილაობით ყველაზე ფხიზლები არიან და ენერგია საღამოსთვის იწურებათ. ისინი კარგად მუშაობენ სტრუქტურაში, მიზანმიმართულები არიან. წარმოიდგინე თანამშრომელი, რომელიც დილის 8 საათისთვის უკვე გიგზავნის Slack შეტყობინებას და შეხვედრის დღის განრიგს.
თუ ლომი ხარ, შენი ღრმა ფოკუსისა და სტრატეგიული აზროვნების დროა დილის 6-დან 12 საათამდე. სწორედ ამ პერიოდში ხარ ყველაზე პროდუქტიული, ამიტომ თუ შეგიძლია, ეს დრო გამოიყენე მნიშვნელოვანი პროექტებისთვის ან გადაწყვეტილებების მისაღებად. ლომები ადრიანად იღლებიან, ამიტომ ჯობს, კოლაბორაციული და ადმინისტრაციული საქმეები შუადღეს გადადო და საერთოდ აირიდო ღამის საათებში მუშაობა.
დელფინის ქრონოტიპი
თუ შენ იმ ადამიანებს ეკუთვნი, ვისაც ძალიან უნდა დაძინება, მაგრამ ტვინის „გამორთვა“ ვერ გამოსდის – დიდი შანსია, დელფინი იყო. დელფინის ქრონოტიპის მქონე ადამიანები ხშირად იტანჯებიან უძილობით, ზედმეტად ფხიზლად იძინებენ და დღის განმავლობაშიც დაღლილობას გრძნობენ – მიუხედავად იმისა, რომ საწოლში საკმარის დროს ატარებენ. ძილი არეული აქვთ, მაგრამ გონება – მკვეთრი. ისინი ჭკვიანები, დეტალებზე ორიენტირებულები და წნეხის ქვეშაც კი უკიდურესად ფხიზლები არიან.
დელფინები იდეალურად პოულობენ შეცდომებს, ამუშავებენ პროცესებს, ხსნიან რთულ ამოცანებს – თუმცა საბოლოოდ ღამის უძილობა დაღლილობას იწვევს.
დელფინების კოგნიტიური პიკი, როგორც წესი, დილის 10-დან შუადღის 2-მდეა. ამიტომ რთული სამუშაოს ამ მონაკვეთში დაგეგმვა სასარგებლო იქნება. დილა და გვიანი საღამო კი მსუბუქი ან კრეატიული საქმეებისთვის გამოყავი. რაც მთავარია – ძილის წინ დამამშვიდებელი რიტუალი შეიმუშავე. შენი პროდუქტიულობა არ არის პრობლემა – უბრალოდ ტვინს გამორთვის ღილაკი არ აქვს.
დათვი ქრონოტიპი
დათვი ყველაზე გავრცელებული ქრონოტიპია და ყველაზე მეტად ერგება ტრადიციულ 9-დან 5-მდე სამუშაო რეჟიმს. დათვებს, როგორც წესი, არ უჭირთ არც დაძინება და არც გაღვიძება, მათი ენერგიის დონე კი პროგნოზირებადია: დილით პიკზეა, შუადღეს ეცემა და საღამოს თანდათანობით მცირდება.
სამუშაო გარემოში დათვები სტაბილურები და სანდოები არიან.
თუ შენ დათვი ხარ, ყველაზე პროდუქტიული დილის 10 საათიდან შუადღის 2 საათამდე ხარ. სწორედ ამ პერიოდში ღირს რთული ამოცანების შესრულება. ლანჩის შემდეგ გონება მოდუნებულია, ამიტომ ჯობს, ამ დროისთვის შეინახო მსუბუქი საქმეები ან დაისვენო. გონებრივად დამღლელი დავალებები ეცადე, რომ შუადღის შემდეგ აღარ გქონდეს.
მგლის ქრონოტიპი
დოქტორ ბრეუსის ტიპოლოგიაში მგელი წარმოადგენს ადამიანებს, რომელთა ცხოვრების რიტმი ღამისკენ არის მიდრეკილი. ისინი დილაობით გათიშულები არიან, შუადღეს იპოვიან თავის ტემპს, ხოლო გვიან საღამოს მეორე პროდუქტიულ ტალღას განიცდიან. მგელი ცნობილია თავისი კრეატიულობით, ემოციური სიღრმით და არატრადიციული აზროვნებით.
მგლობა ხშირად შეუსაბამოა ტრადიციულ ოფისურ კულტურასთან. სამყარო არაა მორგებული იმ ადამიანებზე, რომლებიც პიკზე საღამოს 9-ზე გადიან. მაგრამ შესაძლებელია დღის ისე დაგეგმვა, რომ საკუთარი უპირატესობები გამოიყენო. დილა დაიწყე მსუბუქი, დაბალენერგიული ამოცანებით, შუადღე გამოყავი კონცენტრირებულ სამუშაოსთვის, ხოლო საღამო გამოიყენე კრეატიული იდეებისთვის ან სტრატეგიული გეგმებისთვის. მხოლოდ გახსოვდეს – ღამით აქტიურობამ არ დაგირღვიოს ძილის რეჟიმი, მგლები ხშირად სწორედ ამას ებრძვიან. ამიტომ დააწესე მკაფიო საზღვრები როგორც მოწყობილობებთან, ისე კალენდართან.
როგორ უნდა დაგეგმო დღე შენი ქრონოტიპის მიხედვით?
ზენიტის საათებში უნდა იმუშაო ანალიტიკურ ამოცანებზე — ეს ის დროა, როცა შენ ხარ ყველაზე კონცენტრირებული. ხოლო ენერგიის დაღმასვლის პერიოდში უნდა იმუშაო კრეატიულ დავალებებზე — რადგან ყურადღების გაფანტვა ხელს უწყობს ახალი იდეების წარმოშობას.
ქრონოტიპების მიხედვით ფოკუსისა და კრეატიულობის საუკეთესო დროები:
| ქრონოტიპი | ფოკუსის ზენიტი | კრეატიულობის დრო |
|---|---|---|
| ლომი | 6:00 – 12:00 | 13:00 – 15:00 |
| დელფინი | 10:00 – 14:00 | ხშირად გვიან ღამით (საღამოს 8 საათიდან) |
| დათვი | 10:00 – 14:00 | 8:00 – 10:00; 14:00 – 16:00 |
| მგელი | 16:00 – 22:00 | 14:00 – 16:00; 20:00 – 00:00 |
როგორ შევქმნათ პროდუქტიულობის პერსონალური განრიგი?
შეაფასე კვირის ან დღის ამოცანები და დაყავი ისინი ორ ტიპად:
- ანალიტიკური: კვლევა, წერით პროცესი, დაგეგმვა.
- კრეატიული: იდეების გენერაცია, სტრუქტურის ჩამოყალიბება, ვიზუალური ნამუშევრები.
შემდეგ კი გაანაწილე ისინი დღის განმავლობაში შენი ქრონოტიპის მიხედვით. მაგალითად:
თუ შენ ხარ დათვი, შენი ანალიტიკური დროა 10:00–14:00 (მაგ. კვლევა, წერა), ხოლო კრეატიული ამოცანები გადაანაცვლე დილას ან შუადღის შემდეგ.
როგორ გაიგო შენი ქრონოტიპი?
შეგიძლია შეავსო ქვიზები: