Dark mode ყველგანაა და ეს არ არის შემთხვევითობა: Android-დან iOS-მდე, Windows-დან macOS-მდე – ყველა წამყვანი ოპერაციული სისტემა გვთავაზობს “Dark Mode”-ს, სადაც შავ ფონზე ნათელი ტექსტი ჩანს. ვიზუალურად ეს მართლაც შთამბეჭდავია. მეორეს მხრივ ტექნოლოგიური გიგანტები გვარწმუნებენ, რომ მუქი რეჟიმი აუმჯობესებს ეკრანთან გატარებულ დროს.
Microsoft-ი ამტკიცებს, რომ მუქი რეჟიმი თვალების დაძაბულობას ამცირებს. Google კი ამტკიცებს, რომ ის ხილვადობას აუმჯობესებს მომხმარებლებისთვის, რომლებსაც სუსტი მხედველობა აქვთ ან მაღალი მგრძნობელობა მკვეთრ სინათლეზე.
რა არის მუქი რეჟიმი?
მუქი რეჟიმი არის მოწყობილობის ან აპლიკაციის პარამეტრი, რომელიც ეკრანის სტანდარტულ თეთრ ფონზე შავი ტექსტის თემას გადააქცევს საპირისპიროდ — შავ ფონზე ნათელ ტექსტად. მას ახასიათებს მაღალი კონტრასტულობა და ხელს უწყობს ლურჯი სინათლის შემცირებას, ენერგიის დაზოგვას და აპლიკაციების ვიზუალურად უფრო მიმზიდველად წარმოჩენას.
მუქ რეჟიმს ხშირად “მუქ თემას” ან “ღამის რეჟიმსაც” უწოდებენ. მისი პოპულარიზაცია UX დიზაინერებმა დაიწყეს, დღეს თითქმის ყველა ბრაუზერს, აპლიკაციას და მოწყობილობას აქვს მუქი რეჟიმის ფუნქციონალი.
პირადად, როცა პირველად ვნახე მუქი რეჟიმი MacBook-ზე, მომეჩვენა, რომ ეს იყო შემომავალი რევოლუცია ტექნოლოგიაში. ისეთი განცდა იყო, როგორც მუქ კოსმოსურ კორაბში მუშაობის. მაგრამ მალე გამიჩნდა კითხვა: ეს მეხმარება, თუ უბრალოდ “ლამაზია”?
მუქი რეჟიმის უპირატესობები
მუქი რეჟიმი უბრალოდ დიზაინის ტენდენცია არ არის. ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე უპირატესობას, რასაც მისი გამოყენება გვაძლევს:
ლურჯი სინათლის შემცირება
მუქი რეჟიმი თვალებისთვის უფრო მოსახერხებელია და ამცირებს დაძაბულობას (რაც მნიშვნელოვანია, თუ ჩემნაირად, დღეში საათობით უყურებ ეკრანს). როდესაც ეკრანი მუქ რეჟიმშია, თვალს აღარ უწევს ხელოვნურ ლურჯ სინათლესთან ურთიერთიბა – რაც ცნობილია, რომ ზიანს აყენებს ძილს, გონებრივ შესრულებას და ყურადღების შენარჩუნებას.
მისი გამოყენება საღამოს, ძილის წინ – მნიშვნელოვნად ამცირებს ლურჯი სინათლის ზემოქმედებას და გეხმარება უკეთ დაიძინო.
ლურჯი სინათლის გადაჭარბებული ზემოქმედების გრძელვადიანი ეფექტები კი კიდევ უფრო შემაშფოთებელია. ჰარვარდის კვლევების მიხედვით, მისი მუდმივი ზემოქმედება აზიანებს თვალის ბადურას და ხელს უწყობს სერიოზული მხედველობის პრობლემების განვითარებას.
მე პირადად ყველაზე მეტ განსხვავებას ღამის საათებში ვგრძნობ. როცა მუქ რეჟიმზე ვარ, თითქოს ნაკლები მღელვარება მაქვს და თვალები არ მეწვის. თუმცა, ეს შესაძლოა პლაცებო ეფექტიც იყოს.
ენერგიის დაზოგვა
ბევრი კომპანია ამტკიცებს, რომ მუქი რეჟიმი ბატარეის ხანგრძლივობას აუმჯობესებს. სინათლის შემცირება ნაკლებ ენერგიას მოითხოვს, მაშასადამე მუქი ეკრანებიც ასე უნდა მუშაობდეს, არა?
ეს ნაწილობრივ მართალია, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივი არ არის. მუქი რეჟიმი რეალურად ზოგავს ბატარეას, თუმცა განსაკუთრებული სარგებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იგრძნობა, თუ იყენებ თანამედროვე OLED ეკრანის მქონე მოწყობილობას. ძველ მოწყობილობებზე, სადაც გამოყენებულია LED-ეკრანი, მუქ ფერს იგივე რაოდენობის ენერგია სჭირდება, რაც თეთრს.
ვიზუალური მიმზიდველობა
მიუხედავად იმისა, რომ მწყობრ და ესთეტიკურ სამუშაო სივრცეს პროდუქტიულობაზე პირდაპირი გავლენა შეიძლება არ ჰქონდეს, თუ აპლიკაცია ვიზუალურად მოგწონს, მას უფრო ხშირად გამოიყენებ. ასე რომ, თუ მუქი რეჟიმის ვიზუალი მოგწონს, ესეც საკმარისი მიზეზია მის გამოსაყენებლად.
მუქი რეჟიმის უარყოფითი მხარეები
მუქი რეჟიმის კრიტიკა ფართოდ გავრცელდა Adam Engst-ის დეტალურ სტატიაში (TidBITS-ში), რომელიც ამტკიცებს, რომ ნათელი ტექსტი მუქ ფონზე ზოგადად უარესია, ვიდრე შავი ტექსტი თეთრ ფონზე. ის ამტკიცებს, რომ ბუნებრივ გარემოში იშვიათად გვხვდება ნათელი ობიექტები მუქ ფონზე, რაც გავლენას ახდენს იმაზე, როგორ განვითარდა ადამიანის მხედველობა.
კვლევებიც ადასტურებს ამ მოსაზრებას. Wired-ის სტატიაში მოხსენიებულია გერმანიის პასაუს უნივერსიტეტის მკვლევარი ზუზანა მაიერი (Susanne Mayr), რომელმაც ექვსი დამოუკიდებელი კვლევით დაადგინა, რომ ადამიანებს შავ ფონზე თეთრი ტექსტის წაკითხვაზე უარესი შედეგები აქვთ, ვიდრე თეთრ ფონზე შავის.
ასტიგმატიზმის პრობლემა
გარდა ამისა, მუქი რეჟიმი განსაკუთრებით გართულებას უქმნის ასტიგმატიზმის მქონე ადამიანებს და ეს მდგომარეობა მოსახლეობის დაახლოებით 50%-ს აქვს. Gizmodo-ს სტატიაში ციტირებულია ჯეისონ ჰარისონი, მაშინდელი დოქტორანტი კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის სენსორული აღქმისა და ინტერაქციის კვლევითი ჯგუფიდან:
“ასტიგმატიზმის მქონე ადამიანებს (დაახლოებით მოსახლეობის 50%-ს) უფრო უჭირთ თეთრი ტექსტის წაკითხვა შავ ფონზე, ვიდრე შავი ტექსტის თეთრ ფონზე. ეს ნაწილობრივ სინათლის ინტენსივობას უკავშირდება: როდესაც ეკრანი კაშკაშაა (თეთრი ფონით), თვალის გარსი უფრო იკუმშება და ამცირებს დეფორმირებული ლინზის ზემოქმედებას; ხოლო მუქ ეკრანზე გარსი ფართოვდება მეტი სინათლის მისაღებად, რაც მხედველობას უფრო აუარესებს”
ზომიერება არის საუკეთესო
ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ მუქი რეჟიმი არ უნდა გამოიყენო — განსაკუთრებით თუ ის შენთვის მოსახერხებელია. უბრალოდ, კვლევები გვეუბნება, რომ უმეტესობისთვის ის პროდუქტიულობას არ ზრდის და შესაძლოა მცირედით შეამციროს კიდეც.
პირადად, მე ვთვლი, რომ მუქი რეჟიმის გამოყენება უნდა იყოს კონტექსტუალური:
დღის საათებში: ალბათ უკეთესია ტრადიციული ნათელი თემის გამოყენება, განსაკუთრებით თუ ბევრს კითხულობ ან წერ.
საღამოს/ღამის საათებში: მუქი რეჟიმი მართლაც უკეთესი არჩევანია ლურჯი სინათლის შესამცირებლად და ძილის წინ.
პერსონალური პრეფერენცია: თუ მუქი რეჟიმი უფრო კომფორტულია, ნუ გეშინია მისი გამოყენების.
ტექნოლოგიური ფაქტორები: თუ გაქვს OLED ეკრანი, მუქი რეჟიმი რეალურად დაგიზოგავს ბატარეას.
და მაინც, ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ ყურადღება მივაქციოთ არა იმას, თუ როგორ გამოიყურება ჩვენი ეკრანი, არამედ იმას, თუ რამდენ დროს ვატარებთ მის წინ. ეკრანთან გატარებული დროის შემცირება კვლავ ყველაზე ეფექტური გზაა ჩვენი მხედველობისა და საერთო ჯანმრთელობის დასაცავად.