სამუშაო გარემოში ხშირად გვხვდებიან ადამიანები, რომლებსაც კომპეტენციითა და ცოდნით ვერავინ გაუტოლდება. ისინი პროფესიონალები არიან, შედეგებზე ორიენტირებულები და კომპანიას მნიშვნელოვან ღირებულებას სძენენ. მაგრამ პრობლემა ჩნდება მაშინ, როცა ასეთი თანამშრომელი იწყებს საკუთარი თავს “ყველაზე მაგარ მოთამაშედ” აღიქმას. სწორედ ამას ეძახიან „brilliant jerk“-ს – ანუ ტოქსიკურ პროფესიონალს, რომელიც ბრწყინვალეა საქმეში, მაგრამ რთულია გუნდში.
„Am I a Brilliant Jerk?“
Netflix-ის ერთ-ერთმა მენეჯერმა საკუთარი გუნდისთვის პრეზენტაცია ჩაატარა სათაურით „Am I a Brilliant Jerk?“.
მან ღიად აღიარა, რომ ხშირად ისე იქცეოდა, თითქოს მხოლოდ მისი აზრი იყო სწორი და ეს გუნდის დინამიკას აზიანებდა. სწორედ ამიტომ საჯაროდ დაუსვა თანამშრომლებს კითხვა:
„მაშინაც კი, თუ შედეგებს ვდებ, ხომ არ ვარ ადამიანი, რომელიც სხვების მუშაობას ართულებს?“
ეს ქმედება იქცა კულტურულ მომენტად Netflix-ში:
- თანამშრომლებმა დაინახეს, რომ მხოლოდ მაღალი შედეგი არასოდეს ამართლებს ტოქსიკურ ქცევას.
- კოლეგებს მიეცათ უფლება ხმამაღლა ეთქვათ, თუ ვიღაც გუნდის გარემოს აზიანებდა.
- თვითრეფლექსია იქცა ლიდერობის ნაწილად – ლიდერები არ ერიდებოდნენ საკუთარი შეცდომების აღიარებას.
ამ პრეზენტაციის შემდეგ კითხვა „Am I a Brilliant Jerk?“ კომპანიაში ბევრისთვის იქცა შინაგან საზომად – თითქოს პატარა სარკედ, სადაც ყველა თანამშრომელი დროდადრო საკუთარი ქცევას ამოწმებდა.
რატომ არის ეს პრობლემა?
ტოქსიკური პროფესიონალის არსებობა გუნდში რამდენიმე საფრთხეს ქმნის ერთდროულად. პირველ რიგში, იგი აზიანებს სამუშაო ატმოსფეროს, რადგან სხვების იდეებსა და აზრებს ამცირებს, რაც ნდობას ანგრევს და კოლეგებს თანამშრომლობის სურვილს უკარგავს. ასეთ ადამიანს უჭირს კოლაბორაცია, რადგან დარწმუნებულია, რომ მხოლოდ მისი მიდგომაა სწორი, რაც გუნდის მუშაობის პროცესს აჩერებს. შედეგად, ხშირია ტალანტების დაკარგვა – როდესაც გარემო უარყოფითად იქცევა, სხვა კვალიფიციური თანამშრომლები არჩევენ კომპანიიდან წასვლას და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ცოდნა და პროფესიონალიზმი შეიძლება მოკლევადიან პერსპექტივაში დიდ სარგებელს იძლეოდეს, გრძელვადიანში ეს ბალანსი უარყოფითად იცვლება: ზიანი, რომელსაც ტოქსიკური ქცევა იწვევს, ხშირად ბევრად აღემატება ინდივიდუალური წარმატების ღირებულებას.
თუ ეს ადამიანი წავიდა, რა გვეშველება?
ხშირად კომპანიებში ჩნდება მიდგომა: „თუ ეს ადამიანი წავიდა, რა გვეშველება?“ – თითქოს ერთი „ვარსკვლავი პროფესიონალი“ კომპანიის მთლიან მომავალს განსაზღვრავს. სინამდვილეში კი ეს დამოკიდებულება უფრო შიშზეა აგებული, ვიდრე რეალურ სურათზე. პრაქტიკაში, როდესაც ტოქსიკური პროფესიონალი ტოვებს გუნდს, მოკლევადიანად შეიძლება სირთულეები გაჩნდეს, მაგრამ გრძელვადიანში სწორედ მაშინ იხსნება სივრცე ჯანსაღი თანამშრომლობისთვის. დარჩენილი გუნდი იღებს შესაძლებლობას თავისუფლად გამოხატოს აზრები, გაიზარდოს პასუხისმგებლობა და განვითარდეს ისე, რომ ერთ ადამიანზე დამოკიდებული აღარ იყოს. ხშირად აღმოჩნდება, რომ ის „აუცილებელი პროფესიონალი“ რეალურად განვითარების დამბრკოლებელი უფრო იყო, ვიდრე კომპანიის მთავარი მამოძრავებელი ძალა.
ლიდერების გამოწვევა
ლიდერებისთვის მთავარი გამოწვევა სწორედ ასეთ თანამშრომელთან მუშაობაა. კომპანიას შეიძლება სურდეს შეინარჩუნოს „ვარსკვლავი პროფესიონალი“, მაგრამ თუ ის ტოქსიკურია, საბოლოოდ კულტურას ანგრევს. რიდ ჰასტინგსი Netflix-იდან ხაზს უსვამს: კულტურა და თანამშრომლობის ხარისხი უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი ადამიანის ინდივიდუალური ბრწყინვალება.
ლიდერებმა უნდა დასვან კითხვა: გინდა თუ არა, რომ ეს ადამიანი შენი გუნდში კიდევ ათი წლით დარჩეს?
თუ პასუხი უარყოფითია – მაშინაც კი, როცა შედეგები მაღალია – ეს უკვე სიგნალია.
როგორ დავიცვათ თავი „brilliant jerk“-ებისგან?
მენეჯერის ქცევა გადამწყვეტ როლს თამაშობს. მთავარი შეცდომა სწორედ ისაა, როდესაც მენეჯერები თვითონ უჭერენ მხარს ტოქსიკურ თანამშრომლებს, თვალს ხუჭავენ მათ ქცევაზე და ხშირად კიდევ უფრო აქეზებენ. ასეთ დროს დანარჩენი გუნდი ხედავს, რომ მაღალი შედეგი „ყველაფერს პატიობს“ და ეს ნორმად იქცევა. საბოლოოდ, ქცევის მოდელი ზემოდან ქვემოთ ვრცელდება და ორგანიზაცია კარგავს ჯანმრთელ სამუშაო კულტურას. თუ ლიდერი მკაფიოდ აჩვენებს, რომ ტოქსიკურობა მიუღებელია – მაშინაც კი, როცა საქმე ეხება „ვარსკვლავ თანამშრომელს“ – ეს გზავნილი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი ოფიციალური რეგლამენტი.
ღირებულებების მკაფიო კომუნიკაცია – კომპანიაში უნდა იყოს განსაზღვრული, რომ „როგორ“ აკეთებ საქმეს, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე „რას“ აკეთებ.
უკუკავშირის კულტურა – გუნდს უნდა ჰქონდეს უფლება ღიად თქვას, როცა ვიღაც გუნდის დინამიკას აზიანებს.
წახალისება შედეგებზე + ქცევაზე – მხოლოდ შედეგებზე დაფუძნებული შეფასება არ კმარა, მნიშვნელოვანია თანაგუნდელობის ხარისხიც.
Netflix-ის პრეზენტაცია „Am I a Brilliant Jerk?“ არა მხოლოდ ერთ-ერთი მენეჯერის თვითრეფლექსია იყო, არამედ კულტურული გზავნილი: პროფესიონალიზმი და მაღალი შედეგები უდავოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ისინი სხვების დაკნინებასა და თანამშრომლობის არქონაზეა დაფუძნებული, საბოლოოდ კომპანია კარგავს ყველაზე მნიშვნელოვანს – კულტურას და გუნდურ ენერგიას.