როგორ ვაწარმოოთ საქმიანი დისკუსია

მოლაპარაკება, შეკრება, საქმიანი შეხვედრა – ეს ნებისმიერი ბიზნესის განუყოფელი ნაწილია. ასეთ დროს შესაძლოა წარმოიშვას დისკუსია, მარტივად რომ ვთქვათ, კამათი, როდესაც თითოეული მხარე თავის მოსაზრებას იცავს და ცდილობს სასურველი შედეგის მიღებას.

უმრავლეს შემთხვევაში დისკუსია სასარგებლო ფორმაც კი არის საქმიან პარტნიორებს, კოლეგებსა თუ უფროს/დაქირავებულს შორის. აკი ნათქვამია, კამათში იბადება ჭეშმარიტება.

საქმიან კამათში ჭეშმარიტება რომ დაიბადოს, საჭიროა დისკუსიის მართვის წესები. თუ ემოციებს არ აჰყვებით, მაშინ დისკუსია კონსტრუქციულად და ნაყოფიერად შეიძლება ჩაითვალოს.

საქმიანი დისკუსიის ეტაპები

ყველა წიგნში წააწყდებით ეტაპების აღწერას, მაგრამ უშუალო, ცოცხალი კონტაქტისას ამას ცოტა ვინმე თუ იხსენებს. თუმცა ზოგადი ცოდნა რა სტრუქტურას უნდა ფლობდეს დისკუსია, ეხმარება დიალოგის სწორად აგებაში და არ გადაიზრდება უბრალოდ „აქეთურ-იქეთურზე“ საუბარში. თუ რომელიმე ეტაპი გამოტოვებულია, დისკუსია შესაძლოა გადაიზარდოს უკონტროლო ემოციურ კამათში.

კონტაქტის დამყარება

ამ ეტაპში ხშირად შედის მისალმება, რომლის ფორმას კონკრეტული სიტუაცია განსაზღვრავს (თავშეკავებული თუ თბილი მეგობრული, ხელის ჩამორთმევა და ა.შ). თუ მოსაუბრეები მანამდე ერთმანეთს არ იცნობდნენ (ასეთ დროსაც ხდება დისკუსია), მისალმების შემდეგ ერთმანეთს უნდა გაეცნონ: სახელი, თანამდებობა და სხვა ცნობები.

დისკუსიის მიზნის განსაზღვრა

ორივე მხარემ მკაფიოდ უნდა გააცნობიეროს რა პრობლემამ გამოიწვია დისკუსიის გამართვა და რა შედეგის მიღწევა სურთ. თუ სიტუაცია მოითხოვს, ასევე უნდა გაარკვიონ დასახული ამოცანების შესრულების ვადები, არსებული რესურსები და პრობლემის მოგვარების სპეციფიკური პირობები.

დისკუსიის მონაწილეების მოსაზრების გამოვლენა

ყველა მონაწილემ თავიდანვე უნდა ჩამოაყალიბოს საკუთარი საწყისი პოზიცია და სხვებს მოუყვეს. საწყისი მოსაზრებების გაცვლა მომავალი პოლემიკის ფუნდამენტია.

დისკუსიის უშუალო პროცესი

მონაწილეებს მოჰყავთ პრობლემის მოგვარების ალტერნატიული გზები, განიხილავენ პლუსებსა და მინუსებს, ერთმანეთს არწმუნებენ საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში და მოჰყავთ საფუძვლიანი არგუმენტები.

პრობლემის მოგვარების ალტერნატივების შეფასება

განხილვის დროს ზოგიერთი ალტერნატივა უგულებელყოფილია, ზოგიერთი ეჭვქვეშ რჩება, ზოგი კი პირველ პლანზე გამოდის. მას შემდეგ, რაც აირჩევა 3-4 ვარიანტი, ხდება მათი თავიდან განხილვა, შედარება, სხვადასხვა კუთხიდან შეფასება.

ოპტიმალური გადაწყვეტილების არჩევა

ნებისმიერი დისკუსიის მიზანია ერთიან ობიექტურ აზრამდე მისვლა. ეს საკმაოდ რთულია, მით უმეტეს თუ პრობლემა მარტივი არ არის, ხოლო მონაწილეები ბევრნი არიან. ოპტიმალური გადაწყვეტილების არჩევის გასაღებია მონაწილეების უნარი ობიექტური მხრიდან შეაფასონ კამათი და შეეძლოთ სხვა გამომსვლელების მოსმენა.

საქმიანი დისკუსიის წარმართვის წესები

1.დებატებამდე უნდა განისაზღვროს პრობლემის გამომწვევი მიზეზები და მოქცევის გარკვეული წესები.

2. ყველა ალტერნატიული გადაწყვეტილება უნდა ჩაიწეროს მოხერხებულობისა და მომდევნო განხილვებისთვის.

3. თუ რომელიმე კითხვაზე დიდხანს ვერ ხერხდება რაციონალური პასუხის მოძებნა, არ ღირს მასზე ჩაციკვლა.

4. დისკუსიაზე ყველა მოწვეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს აზრის გამოთქმის უფლება.

5. აუცილებელი ეტიკეტის წესების ელემენტარული დაცვა.

6. თითოეული საპირისპირო აზრი უნდა გამყარდეს ობიექტური არგუმენტებით. ფრაზები „არ ხართ მართალი, რადგან მე ასე არ მიმაჩნია“, „ასე არ მოხდება“ და მსგავსი არ უნდა გამოიყენოთ.

7. დისკუსიის გავრცელებული და საშიში მტერია – სტერეოტიპები და განზოგადება.

8. შეძლებისდაგვარად არგუმენტები სტატისტიკითა და სამეცნიერო კვლევების მონაცემებით უნდა გამყარდეს.

9. დისკუსიის დროს აუცილებელი კრიტიკაზე ადეკვატურად რეაგირება.

10. ყველა მონაწილე უნდა დაეყრდნოს გადამოწმებულ მონაცემებსა და ფაქტებს.

11. განხილვის დროს დასაშვებია ჯანსაღი იუმორი.

ეფექტიანი საქმიანი დისკუსიის მართვა ხელოვნებაა, მაგრამ მისი დაუფლება ყველას შეუძლია.

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს