ინტუიციური ინტელექტი როგორც უნიკალური უნარი

დღეს, გლობალიზაციისა და ციფრული ეპოქის პირობებში, ადამიანების მოთხოვნილებები და გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად იცვლება, ცხოვრებაში ბევრი არაორდინარული გამოწვევა ჩნდება. ტექნოლოგია და სამყაროს გაციფრულება საშუალებას გვაძლევს, უფრო მეტი რამის შესწავლა და დანახვა მოვახერხოთ, თუმცა სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება ხშირად ვერ ხდება მხოლოდ რაციონალური ანალიზით, რომელსაც ჩვენ აქტიურად ვცდილობთ გამოვიყენოთ. აქ ჩნდება ინტუიციური ინტელექტი – ერთ-ერთი ძლიერი და ღრმა შესაძლებლობა, რომელსაც ადამიანი ფლობს.

რა არის ინტუიციური ინტელექტი ?

ინტუიციური ინტელექტი არის ისეთი უნარი, რომლის საშუალებითაც ადამიანები, ღრმა ანალიზის გარეშე, თითქმის მყისიერად ხვდებიან გარკვეულ პასუხებს, მიდიან დასკვნებამდე და ღებულობენ გადაწყვეტილებებს. ეს უნარი ხშირად “მეექვსე გრძნობად” მოიხსენიება, რომელიც გვეხმარება მოვლენების შეჯამებასა და გაგებაში ისე, თითქოს ვიცოდეთ, რა უნდა გავაკეთოთ ან როგორი ნაბიჯი გადავდგათ.

ინტუიციური ინტელექტი არის სინთეზი ჩვენი პიროვნული გამოცდილების, ცოდნისა და შეგრძნებების, რომელიც როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, ქვეცნობიერი ნეირონული აქტივობის შედეგია. ჩვენი ტვინი აგროვებს, ინახავს და აჯამებს ყველა გამოცდილებას, რაც წლების განმავლობაში მივიღეთ, და სწორედ ეს ფაქტორი გვეხმარება ინტუიციური გადაწყვეტილებების მიღებაში.

მაგალითად მინდა დანიელ კანემანის წიგნიდან ,,იფიქრე სწრაფად, იფიქრე ნელა” ერთ-ერთი ეპიზოდი მოვიყვანო სადაც ავტორი ერთ უჩვეულო ფაქტის შესახებ გვიყვება, სადაც მეხანძრე მაშველი ალმოდებულ ოთახის ჩაქრობისას თავის გუნდს უბრძანებს ოთახი სასწარაფოდ დატოვონ, ბრძანების შესრულებიდან 5 წამში კი ოთახის იატაკი ინგრევა. ამ ფაქტის შემდგომ მაშველთა გუნდის კაპიტანს ჰკითხეს თუ რატომ გასცა აღნიშნული დავალება, რაზეც მან უპასუხა რომ ეს წვის ხმა სხვა ცეცხლომოკიდებული ოთახების წვის ხმას არ ჰგავდა. მოგვიანებით გაირკვა რომ ცეცხლი ოთახის იატაკს ჰქონდა გაჩენილი და სწორად ამან გამოიწვია ოთახის იატაკის ჩანგრევა. ზუსტად აქ ჩანს ინტუიციური ინტელექტის მთელი არსი, ეს არის წლების გამოცდიელბა რომელიც ჩვენი გააზრების გარეშე გვაძლევს ნიშანს ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მიმდინარე მოვლენებზე.

როგორ ვლინდება ?

ინტუიციური ინტელექტის გამოვლენა სხვადასხვა ფორმით ხდება, რომელთაგან ყველაზე ხშირად ვხვდებით შემდეგ მიმართულებებს:

  1. შემოქმედებითი ინტუიცია – ამ ტიპის ინტუიცია მნიშვნელოვანი ფაქტორია ინოვაციებისა და შემოქმედებითი მიღწევებისთვის. შემოქმედები და მეცნიერები ხშირად ეყრდნობიან ინტუიციას, რომ აღიარონ იდეები, რომელიც ჯერ მყარად ჩამოყალიბებული არ აქვთ. მაგალითისთვის, ალბერტ აინშტაინი აღნიშნავდა, რომ მისთვის ინტუიცია დიდ როლს თამაშობდა თეორიების აგებაში და ახალი იდეების აღმოჩენაში.
  2. ემოციური ინტუიცია – ეს არის უნარი, იგრძნო და დააფასო სხვა ადამიანების გრძნობები, ემოციები და განწყობები. ემოციური ინტუიცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანებთან ურთიერთობის პროცესში, რადგან ის საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ და შევიგრძნოთ, თუ რა ხდება სხვა ადამიანების ფსიქიკაში, არამხოლოდ მათი სიტყვებით.
  3. სტრატეგიული ინტუიცია – ბიზნეს სამყაროში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც წარმატებულ ლიდერებს ახასიათებთ. სტრატეგიული ინტუიცია ეხმარება ლიდერებს, მყისიერად მიიღონ სტრატეგიული გადაწყვეტილებები და სწრაფად აუღონ ალღო ახალ მიმართულებებს. მაგალითად, სტივ ჯობსი ხშირად იყენებდა ინტუიციურ ინტელექტს ახალი პროდუქტების შემუშავებისა და კომპანიის სტრატეგიის განსაზღვრაში.
  4. ფსიქოლოგიური ინტუიცია – ესაა პიროვნული ინტუიცია, რომელიც გვეხმარება შევიგრძნოთ, რა არის ჩვენთვის შინაგანად სწორი ან არასწორი, როგორც პიროვნული გადაწყვეტილებების მიღების დროს, ისე საზოგადოებასთან ურთიერთობისას. ეს ინტუიცია ხელს უწყობს ადამიანის თვითცნობიერების გაღრმავებას.

რას ფიქრობს მეცნიერება :

თანამედროვე ნეირომეცნიერება ინტუიციის ფენომენზე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს და ტვინის ნეირონული პროცესების კვლევით ცდილობს ამ ხანგრძლივი ფენომენის ახსნას. ნეირომეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტვინის სხვადასხვა უბანი, როგორიცაა ლიმბური სისტემა და კორტექსი, პასუხისმგებელნი არიან ინტუიციური პროცესების განხორციელებაზე. მათი ქმედებები ერთმანეთში ინტეგრირებულია და გვაძლევს უნარს, მივიღოთ სწრაფი და შეუცდომელი გადაწყვეტილებები. კვლევები აჩვენებს, რომ ინტუიცია განსაკუთრებით ძლიერია იმ ადამიანებში, რომელთაც აქვთ მაღალი ემოციური ინტელექტი და იციან, როგორ მართონ საკუთარი ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობა.

შეიძლება მისი გავარჯიშება ?

ინტუიციის გასაზრდელად აუცილებელია მისი განვითარება და პრაქტიკა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგს შეიძლება ინტუიცია უფრო მეტად აქვს გამოხატული, პრაქტიკის საშუალებით ის ყველას შეუძლია გააუმჯობესოს. ინტუიციური ინტელექტის განვითარების რამდენიმე პრაქტიკული გზა არსებობს:

  1. მედიტაცია და თვითრეფლექსია – მედიტაცია გვეხმარება განვთავისუფლდეთ ნეგატიური ფიქრებისგან და ვიგრძნოთ სიღრმისეული კონტაქტი საკუთარ თავთან. ეს ზრდის ჩვენი გონების სიმშვიდეს და საშუალებას გვაძლევს, გავიაზროთ და შევიგრძნოთ ჩვენი შინაგანი აზრები და ემოციები.
  2. დაკვირვება და ფოკუსირება – ინტუიცია ხშირად პროცესების დაკვირვების შედეგად შეიძლება გახდეს ცხადი. ამიტომ, ყურადღების გამახვილება და დაკვირვება გვეხმარება შევინარჩუნოთ სიღრმისეული კავშირი რეალობასთან და უკეთ გავიგოთ, რა არის სწორი და არასწორი.
  3. გამოცდილების გამოყენება – ინტუიცია ხშირად დაფუძნებულია წარსულ გამოცდილებაზე. ჩვენი წარსული მოვლენები და გაკვეთილები გვეხმარება გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამიტომ, თუ გვაქვს გამოცდილება, რომელიც წინაპირობას ქმნის, შეგვიძლია უფრო სწრაფად მივიღოთ ინტუიციური გადაწყვეტილება.
  4. ინფორმაციის შეგროვება – ინფორმაციის შეგროვევა და მისი გააზრება ზრდის ჩვენი ინტუიციის სიძლიერეს, რადგან ტვინი უკეთესად იწყებს მოვლენების სინთეზირებას და სწორ გზებს იპოვის გადაწყვეტილებების მისაღებად.

ინტუიცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში, რადგან ის საშუალებას გვაძლევს სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილებები და შევიცნოთ სამყარო უფრო ღრმა, შინაგან დონეზე. ინტუიციური ინტელექტი ეხმარება ადამიანებს:

  • სწრაფად და ეფექტურად მოახდინონ რეაგირება მოულოდნელ ცვლილებებზე;
  • გააძლიერონ საკუთარი ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა;
  • ჰქონდეთ თვითრწმენა და საკუთარი უნარების რწმენა;
  • მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც სიღრმისეულად შეესაბამება მათ ღირებულებებსა და მიზნებს.

სამომავლო ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ინტუიციური ინტელექტის მნიშვნელობა შესაძლოა უფრო გაიზარდოს. მისი გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ისეთ სფეროებში, რომლებიც მოითხოვს სწრაფი რეაგირებისა და ცვლილებების ადაპტაციას. მაგალითად, თანამედროვე კომპანიები, რომლებსაც სურთ განავითარონ ხელოვნური ინტელექტის სისტემები, ხშირად ეყრდნობიან ინტუიციურ გადაწყვეტილებებს და აგრძელებენ ახალი ტექნოლოგიების ადაპტაციას, რაც სწრაფად მზარდი ეკონომიკის საჭიროებებს ემთხვევა, და ბოლოს : 

,, The only real valuable thing is intuition “ 

Albert Einstein 

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს