ჩვენს სტატიებში ბევრს ვსაუბრობთ ციფრული ტრანსფორმაციის და მისი მნიშვნელობის შესახებ, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, მაგრამ არის ისეთი სფეროები, სადაც ციფრულ ტრანსფორმაციას ნაკლებად შევხვდებით და ყველაფრის ოფლაინ გაკეთება გვიწევს. ერთ-ერთი ასეთი დარგი სატრანსპორტო მიმართულებაა.
Founders-ში დავინტერესდით რა ხდებოდა ამ მიმართულებით და აღმოვაჩინეთ კომპანია, რომელიც სატრანსპორტო დარგის გაციფრულებაზე მუშაობს.
მეტ დეტალს კი SAIT-ის დამფუძნებელ ლევან მერებაშვილთან ინტერვიუდან გაიგებთ.
F: რომ მოგვიყვეთ აპლიკაციის შესახებ: როგორ მუშაობს, და რა პრობლემას უგვარებს მომხმარებელს?
SAIT-ის მიზანია შექმნას აპლიკაცია, რომელიც იქნება მარქეთ ფლეისი სატრანსპორტო ინდუსტრიისთვის.
ერთის მხრივ, ეს იქნება ერთიანი სივრცე მათთვის, ვისაც სჭირდება იპოვოს, დაგეგმოს და იყიდოს ბილეთები მთელი მოგზაურობისთვის, ან გაგზავნოს და მიიღოს ნებისმიერი სახის ტვირთი A წერტილიდან Z წერტილამდე.
მეორეს მხრივ, ეს იქნება ეფექტიანი გაყიდვების არხი სატრანსპორტო სერვისის პროვაიდერებისთვის.
კერძოდ, ეს აპლიკაცია მოგზაურებს შესთავაზებს შემდეგ სერვისებს:
• ინფორმაციის ხელმისაწვდომობას
• მოგზაურობის წინასწარ მარტივად დაგეგმვას
• ვარიანტების შედარებას დროის, ფასისა და ტიპის ჭრილში
• კორპორატიულ პროფილებს
• ონლაინ გადახდებს
• და ა.შ.
ამავდროულად, ჩვენი აპლიკაცია და პლატფორმა სატრანსპორტო სერვისის პროვაიდერებს შესთავაზებს:
- რეისების შექმნა და ლაივ რეჟიმში თვალყურის დევნება
- ონლაინ გაყიდვები
- მომხმარებლის ახალ სეგმენტებზე ხელმისაწვდომობა
- გაყიდვების ანალიზი და მათზე დაყრდნობილ პროგნოზი
- საშუალებას მისცემს სწორად და ეფექტურად დაგეგმონ რეისები
- უნაღდო ოპერაციები
- ტრანზაქციების მართვა და ანალიზი ბუღალტერიისთვის
მოკლედ, რომ შევაჯამოთ ნებისმიერი რამის ტელეპორტირება – ადამიანების, ტვირთის და ა.შ. – A წერტილიდან B წერტილამდე ერთი ამოსუნთქვით – მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა.
საქალაქთაშორისო მოძრაობისთვის, აპლიკაციაში შეგიძლიათ ნახოთ 5 ძირითადი მიმართულების სერვისის კომპანიების ბილეთები, სადაც შეძლებთ ერთმანეთს შეადაროთ ფასის, მომსახურე კომპანიის და დროის ჭრილში. ეს მიმართულებები იშლება ტრანსპორტის ტიპების მიხედვით:
– მიკროავტობუსი
– ავტობუსი
– თვითმფრინავი
– კერძო ტრანსფერები (ნებისმიერ ტიპის ავტომობილი მძღოლის მომსახურებით)
– მატარებელი
უკეთ რომ წარმოიდგინოთ, კერძო ტრანსფერები რას მოიცავს – აქ გექნებათ 3 ძირითადი შესაძლებლობა:
1) პლატფორმის ერთ მხარეს რეგისტრირდებიან: – „მძღოლები“ და არეგისტრირებენ თავიანთ „მანქანებს“ (მინივენი, სედანი, ჯიპი, მიკროავტობუსი, ავტობუსი – მოკლედ ნებისმიერი ტიპი) – სასურველ მიმართულებას, დროს და „სრული მგზავრობის ფასს“ – ეს ჩვენს მიერ იქნება კონტროლირებადი საბაზრო ფასთან მიმართებაში.
პლატფორმის მეორე მხარეს: სასურველი მიმართულების მითითებისას „მომხმარებელს“ გამოუჩნდება დარეგისტრირებული „ავტომობილების“ კატალოგი თავისი გასვლის დროებით და „სრული მგზავრობის ფასებით“, სადაც შეეძლება სასურველი „ავტომობილის“ ექსკლუზიურად თავისთვის ან ადამიანთა ჯგუფისთვის დაჯავშნა. მომხმარებლს შესაძლებლობა ექნება მიუთითოს რამდენიმე pick-up ლოკაცია, მგზავრთა სხვადასხვა წევრისთვის (რაც ნიშნავს იმას, რომ ტაქსების გამოყენება აღარ მოუწევთ ერთ ლოკაციაზე შესაკრებად და მათი დაჯავშნილი ტრანსპორტი გაუვლის ყველა მგზავრს სასურველ მისამართზე და შემდეგ გადაადგილდებიან დანიშნულების ადგილისკენ). თანხას მომხმარებელი წინასწარ იხდის ბარათით.
2) პლატფორმის ერთ მხარეს: – რეგისტრირდებიან „მძღოლები“ და არეგისტრირებენ თავიანთ „რეისებს“ (აქაც ნებისმიერი ტიპის მანქანით) – კონკრეტული მიმართულებით, დროით და „ერთი ადგილის ფასით“ – რომელიც ასევე ჩვენს მიერ იქნება კონტროლირებადი საბაზრო ფასთან მიმართებაში.
პლატფორმის მეორე მხარეს: – სასურველი მიმართულების მითითებისას „მომხმარებელს“ გამოუჩნდება დარეგისტრირებული „რეისების“ კატალოგი თავისი გასვლის დროებით და „ერთი ადგილის ფასით“, სადაც შეეძლება სასურველი „ადგილის“ თავისთვის ან ადამიანთა ჯგუფისთვის დაჯავშნა. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მიუთითს სასურველი pick-up ლოკაცია, მგზავრთა სხვადასხვა წევრისთვის (რაც ნიშნავს იმას რომ ტაქსების გამოყენება აღარ მოუწევთ ერთ ლოკაციაზე შესაკრებად და მათი დაჯავშნილი ტრანსპორტი გამოუვლის ყველა მგზავრს სასურველ ლოკაცაზე და შემდეგ წავლენ დანიშნულების ადგილისკენ). თანხას წინასწარ იხდის მომხმარებელი ბარათით.
3) შესაძლოა მომხმარებელმა ვერ იპოვოს სასურველი მზა რეისი/ტრანსპორტი ჩვენს აპლიკაციაში. ასეთ მომხმარებელს საშუალება აქვს დაარეგისტრიროს საკუთარი მოთხოვნა შემდეგი დეტალების მითითებით:
– მგზავრობის თარიღი და დრო
– საწყისი ლოკაციები
– გაჩერებების ლოკაციები
– საბოლოო ლოკაციები
– ადამიანთა რაოდენობა
– ტრანსპორტის ტიპი და კლასი
ჩვენი აპლიკაცია დაუთვლის ზუსტ ფასს, იპოვის მოთხოვნების შესაბამის ტრანსპორტს და გადაახდევინებს მგზავრობამდე ბარათით. ეს უკანასკნელი იდეალურია კომპანიებისთვის, უნივერსიტეტებისთვის, სკოლებისთვის და ა.შ. ვისაც მუდმივად სჭირდება ექსკურსიებისთვის, მივლინებისთვის ან თუნდაც ყოველდღიური სამსახურეობრივი მოვალეობისთვის ადამიანთა დიდი ჯგუფების გადაყვანა.
ეს ყველაფერი შესაძლებელი ხდება იმით, რომ შევქმენით ორი პლატფორმა:
ერთი პროგრამა მომხმარებლისთვის, სადაც შეუძლია მოიძიოს, შეადაროს და მიბმული ბარათით შეიძინოს სასურველ დანიშნულების ადგილზე.
მეორე პროგრამა სერვისის გამწევი კომპანიებისთვის, სადაც მათ შეუძლიათ შექმნან, მართონ, აღრიცხონ, გააანალიზონ – განხორციელებულ რეისებთან დაკავშირებული ყველა ასპექტი.
მიმდინარე მომენტში აპლიკაცია ასე ფუნქციონირებს:
– ეძებ სასურველ მიმართულებას;
– ჩვენს ინოვაციურ კალენდარში პირდაპირ ნახულობ რომელ კონკრეტულ თარიღში რომელი ტრანსპორტის ტიპის რეისებია, რაც სხვადასხვა თარიღებში ძებნის პროცესს თავიდან გარიდებთ;
– ამატებ მგზავრს ან პირდაპირ ნიშნავ საკუთარ თავს და დამახსოვრებულ მეგობრებს;
– ხვდები გვერდზე, სადაც ერთ სივრცეში ნახულობ ყველა ტიპის ტრანსპორტის შედეგებს, რომელიც კატეგორიზებულია კომპანიების დროების და ფასების მიხედვით;
– ირჩევ სასურველ ბილეთს, სადაც მოცემულია ყველა დეტალი მგზავრობაზეც და სერვისის კომპანიაზეც;
– იხდი ბარათით და მარტივად უზიარებ მეგობარს. თუ მეგობარსაც აქვს ჩვენი აპლიკაცია მას ავტომატურად გამოუჩნდება მისი კუთვნილი ბილეთი იქვე, გაზიარების გარაშე;
– აპლიკაცია სპეციფიური დროით ადრე შეგახსენებთ დაგეგმილ მგზავრობაზე და როცა დასრულებთ მგზავრობას, შეგაფასებინებთ მგზავრობის პროცესსა და სერვისს.
F: როგორ მიხვედით იდეამდე? რა პრობლემა დაინახეთ მუშაობის პროცესში?
დღევანდელ ტექნოლოგიურ რეალობაში ადამიანები ახლოს არიან მარსზე ტურისტულად მოგზაურობისთვის და განვითარებად ქვეყნებში კი სატრანსპორტო კომპანიების 60%-ზე მეტი ჯერ კიდევ არ იძებნება გუგლში. ჩვენი გუნდი ტექნოლოგიური ენთუზიასტები არიან და რაც ყველაზე მთავარია, თავადვე მოგზაურები, რომლებსაც ასევე უყვართ ადამიანების ყოველდღიურობის გამარტივება ტექნოლოგიების მეშვეობით. სამწუხაროდ, ჩვენც ყოველდღიურად ვეჩეხებოდით იმ არასასიამოვნო და დროში გაწელილ რუტინას, რისი გავლაც უწევს ადამიანს ერთი ქალაქიდან მეორეში გადასაადგილებლად.
დავინახეთ, რომ ეს პრობლემა არა მარტო საქართველოში და რეგიონშია, არამედ ბევრ განვითარებად ქვეყანაშია და შესაბამისად გადავწყვიტეთ ამ ქყვეყნებისთვის და ადამიანებისთვის 15-45 წუთიანი რუტინა შეგვემცირებინა ორ წუთამდე. საქართველოს ბაზარზე გარდა ამ პროცესით დატანჯული ხალხისა, დედამიწაზე არსებული მოვლენებიდან გამომდინარე საცხოვრებლად შემოვიდა უამრავი უცხოელი, რომლებიც უფრო დიდ დისკომფორტს აწყდებიან ამ კუთხით, რამაც დამატებით დაადასტურა ჩვენი საჭიროება აქ და ამჟამად.
ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ სატრანსპორტო კომპანიების უდიდესი ნაწილი ოპერირებს ოფლაინ. მათ არ გააჩნიათ არანაირი ტექნოლოგია ყოველდღიური პროცესების სამართავად და დღემდე მუშაობენ ფურცლებზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი ბილეთების ონლაინ გაყიდვა არის შეუძლებელი. ჩვენი მეორე პროდუქტი ზუსტად ასეთი კომპანიებისთვისაა. ჩვენი ბილეთების მართვის პლატფორმის საშუალებით ისინი არათუ უფრო სწრაფს და ეფექტურს გახდიან ყოველდღიურ ბიზნეს პროცესებს, არამედ შეძლებენ ბილეთების ონლაინ გაყიდვას და მომხმარებელთა ბევრად ფართო სეგმენტებზე გასვლას.
F: ზოგადად სატრანსპორტი ბაზარზე რომ გვესაუბროთ, მიმდინარე სიტუაციაზე, პირდაპირ და არაპირდაპირ კონკურენტებზე, თქვენს კონკურენტულ უპირატესობაზე…
ჩვენი კონცეფციაა ვიყოთ სატრანსპორტო აგრეგატორი, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა სატრანსპორტო კომპანიის და მათი სხვადასხვა ტიპი ტრანსპორტის ბილეთების მოძიების, შედარებისა და ყიდვის შესაძლებლობა შევქმნათ ერთ სივრცეში. ამ მომენტისთვის ბაზარზე პირდაპირი კონკურენტი ჯერჯერობით არ ჩანს. რამდენიმე სატრანსპორტო კომპანიის ბილეთების მოძიებას შეძლებთ biletebi.ge-ზე ან tkt.ge-ზე, მაგრამ აქაც მხოლოდ ისეთ კომპანიებს, რომლებსაც ისედაც აქვთ საკუთარი პლატფორმა ონლაინ ბილეთების გასაყიდად. ჩვენი კონკურენტული უპირატესობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ბაზრის იმ უდიდეს ნაწილს ვხდით ხელმისაწვდომს მომხმარებლისთვის, რომელთა ბილეთების შეძენისთვის აქამდე ადგილზე მისვლა იყო საჭირო.
გლობალურ ბაზარზე ჩვენი ანალოგები კი ესენი არიან: omio, wander, trainline.
F: როგორია კომპანიის გეგმები და კიდევ რა სიახლეებს უნდა ველოდოთ?
იქიდან გამომდინარე. რომ ეს პრობლემა ძალიან აქტუალურია განვითარებად ქვეყნებში, აუცილებლად ვაპირებთ საერთაშორისო ბაზარზე გასვლას მას შემდეგ, რაც სრულად ჩავუშვებთ ყველა ტიპის სექციას და ამ სექციებში მოღვაწე სატრანსპორტო კომპანიების უმეტესობას. შემდეგ კი გადავალთ რეგიონში მსგავსი ტიპისა და კულტურის მქონე ქვეყნებში ანალოგიური პრობლემების მოსაგვარებლად და გადაადგილების ქაოსის დასალაგებლად. თანდათან ვფიქრობთ გავფართოვდეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხოლო შემდგომ ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიის დანარჩენ ნაწილებში.
SAIT-ის ზრდის სტრატეგია ორიენტირებულია გეოგრაფიული წვდომის გაფართოებაზე, პლატფორმის ფუნქციონალურობისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე. მთავარი ასპექტია ახალი მომხმარებლის სეგმენტებისა და ბაზრების დათარგეთება.
ამ ყველაფრის მისაღწევად ჩვენ გვინდა მუდმივად ვამატოთ ისეთი ხელსაწყოები, რომელიც გაუმარტივებს მგზავრს სასურველ ადგილამდე მისვლას.
უახლოეს მომავალში გვინდა დავამატოთ ჩვენი all-in-one კონცეფციის ტვირთების გადაზიდვის პლატფორმა, სადაც უამრავი სერვის პროვაიდერი მოიყრის თავს და მომხმარებელს კი ექნება მათი მოძების, შედარების და მარტივად დაკვეთის საშუალება.
F: დაბოლოს, თქვენ ხართ ტექნოლოგიური სტარტაპი, ამ სტატიას ბევრი დამწყები სტარტაპერი წაიკითხავს. საკუთარი გამოცდილება რომ გაუზიაროთ მათ, რა სირთულეეებს წააწყდით პროექტის ფარგლებში, რა არის ყველაზე დიდი გამოწვევები, როგორ ახერხებთ მათთან გამკლავებას და ა.შ.?
პროექტის ფარგლებში წავაწყდით და წავაწყდებით უამრავ დაბრკოლებას და აქ ვეცდებით აღვწეროთ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი:
1. ბაზრის შექმნა და განათლება:
SAIT ქმნის ახალ ბაზარს რეგიონებში, სადაც ხალხი მიჩვეულია ბილეთების დაჯავშნის ტრადიციულ მეთოდებს, როგორიცაა Google-ში ძიება ან სატრანსპორტო სადგურების ფიზიკური მონახულება. ეს წარმოადგენს უნიკალურ გამოწვევას პოტენციური მომხმარებლების განათლების, ონლაინ პლატფორმის მოხერხებულობისა და სარგებლობის შესახებ. საკმაოდ რთულია ამ კუთხით ადამიანების ჯერ ცნობიერების ამაღლება და შემდეგ ძველი ჩვევის ახლით ჩანაცვლება. მისიაა შევცვალოთ მომხმარებლის ქცევა და თავი დავიმკვიდროთ სანდო სამოგზაურო ხელსაწყოდ.
2. სანდოობის მოპოვება:
მიუხედავად იმისა, რომ სადგურ-სადგურ სიარულით წინასწარ მგზავრობას ვერ დაგეგმავ, SAIT-მა არა მარტო უნდა დაანახოს მომხმარებელს, რომ ამის გაკეთების უკეთესი გზები არსებობს, არამედ რეალურად უნდა გამართოს ისეთი პროცესები, რაც ხშირ შემთხვევაში ფუნდამენტალურად და ინფრასტრუქტურულად გაუმართავია. პირველი პრობლემაა, რომ ხალხს დაკარგული აქვს ნდობა ზოგადად ამ პროცესის დალაგების და მეორე გამოწვევაა, ხალხმა დაინახოს და საკუთარ თავზე გამოსცადოს ის, რომ SAIT რეალურად ალაგებს და უფრო მოქნილს ხდის ამ პროცესს.
3. სატრანსპორტო კომპანიების მიმღებლობა:
რეგიონებში, სადაც ზოგადად დაბალია ციფრული პროდუქტებით სარგებლობის ეფექტიანობა. ძალიან დიდი გამოწვევაა, რომ სატრანსპორტო კომპანიებს აუხსნა და მიახვედრო რამხელა სარგებელი აქვს მათთვის ბილეთების ონლაინ გაყიდვის დანერგვას. შემდეგი სირთულეა, რომ ასწავლო ტექნოლოგიის გამოყენება და სწორად და ეფექტიანად მართონ დამოუკიდებლად საკუთარი პროცესები.
4. მომხმარებელთა მხარდაჭერა და დახმარება:
მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაცია მოსახმარად საკმაოდ მარტივია, იქიდან გამომდინარე, რომ ხალხის მიერ ახალი ტექნოლოგიების ათვისების ცოდნა და გამოცდილება ძალიან დაბალია, და ამ პროცესის მართვას ჯერ მიჩვეული არ არის, გვიწევს დიდი რესურსი ჩავდოთ მათ განათლებასა და შემდეგ საფორთში.
5. სახსრების მოზიდვა:
ოპერაციების, გაფართოებისა და ინოვაციების დასაფინანსებლად საკმარისი კაპიტალის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სანამ SAIT ზემოთ აღნიშნულ პროცესებს შექმნის, გამართავს და ა.შ. 9 მთას გადაივლის ბოლოში ხვდება დრაკონს – ქართველი ინვესტორის სახით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სტარტაპული ეკოსისტემა ძალიან სწრაფად ვითარდება. სამწუხაროდ, ამას არ მიჰყვება ინვესტორთა ცნობიერება სტარტაპის აღქმის და შემდეგ დაფინანსების.
დაძლევის მეთოდი უამრავია, თუმცა საბოლოო ჯამში ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ის იკვეთება, რომ უნდა შეცვალო წარმოდგენა პრობლემაზე, შეცდომასა და მარცხზე, რადგან სტარტაპერების საქმიანობის 99.99% სწორედ ესენია. ყველაფერს აქვს გამოსავალი. ჩვენი მისიაა ის სწრაფად ვიპოვოთ და ამისკენ უმოკლესი გზა კი უამრავი „შეცდომის“ დაშვებაა, რაც შეიძლება მალე, და ნაკლები დანახარჯებით. ამ ყველაფრის გაძლებას კი მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ღრმა რწმენა, მიზნის მიღწევის უდიდესი სურვილი და არდანებება უდგას უკან. პროცესი სრული სიგიჟეა…
მოგეწონა სტატია?