Story Points – რა არის და როგორ გამოვიყენოთ?

რა არის ეჯაილი (Agile)

ეჯაილი (Agile) არის პროექტების მართვის მეთოდოლოგია, რომელის მთავარი მიზანია მოქნილობა, სწრაფი რეაგირება და მომხმარებლის მოთხოვნების მუდმივად გათვალისწინება. ეს მიდგომა საშუალებას აძლევს გუნდებს ხშირად და ეტაპობრივად გამოუშვან პროდუქტი, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის მუდმივ გაუმჯობესებას. ეჯაილი მუშაობს მცირე, დამოუკიდებელ გუნდებზე დაფუძნებით, რომლებიც მუდმივად კომუნიკაციაში არიან და ცვალებადი პირობების მიუხედავად, სწრაფად და ეფექტურად ახდენენ პრიორიტეტების გადახედვას.

გაინტერესებს მეტი Agile -ის შესახებ? წაიკითხე

რა არის Story points?

Story points არის შეფასების სისტემა, რომელსაც იყენებენ Agile მეთოდოლოგიაში დავალებების ან პროექტის ელემენტების შესაფასებლად. Story point-ები არ გამოხატავენ კონკრეტულ დროს, არამედ მიზნად აქვთ გუნდს შეუქმნან წარმოდგენა, თუ რამდენად რთული ან შრომატევადი შეიძლება იყოს კონკრეტული დავალების შესრულება. Story points-ის დახმარებით გუნდი აფასებს დავალების სირთულეს, რისკებს და ძალისხმევას, რაც ეხმარება მათ უკეთ დაგეგმონ და მართონ პროექტი.

სირთულე: სირთულე გულისხმობს, თუ რამდენად რთული იქნება დავალების შესრულება. მაგალითად, რთული შეიძლება იყოს ტექნიკურად რთული ფუნქციონალების შექმნა ან რთულად გამოსასწორებელი ხარვეზები.

რისკი: რისკი გულისხმობს იმ გაურკვევლობას ან სირთულეებს, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას პროექტის შესრულების პროცესში. მაგალითად, თუ პროექტში არსებობს გაურკვეველი ან არასაიმედო ელემენტები, ან თუ დამოკიდებულია მესამე მხარეზე, შესაძლებელია რისკების არსებობა, რომლებიც გავლენას მოახდენენ პროექტის დროულად დასრულებაზე.

საჭირო ძალისხმევა: საჭირო ძალისხმევა გულისხმობს შრომას, რაც საჭიროა დავალების შესასრულებლად და იმის შეფასებას, თუ რამდენად გამოცდილია გუნდი ამ ტიპის დავალებების შესრულებაში. ისეთი დავალებების შერულება, რომელიც ნაკლებად ნაცნობია გუნდისთვის შესაძლოა უფრო შრომატევადი იყოს.

Story points და სამუშო საათები

Story points და პროექტის სამუშაო საათების მიხედვით შეფასება მსგავსი მიდგომებია, თუმცა მათ განსხვავებული მიზანი და ხასიათი აქვთ:

შეფასების ერთეული:

Story points არის შედარებითი შეფასების ერთეული, რომელიც გამოიყენება დავალების სირთულის, რისკის და საჭირო ძალისხმევის შესაფასებლად. ისინი არ გამოხატავენ კონკრეტულ დროს და უფრო ობიექტური და მოქნილი სისტემაა.

სამუშაო საათები არის პირდაპირი შეფასება, რომელიც გამოხატავს რამდენი დრო (საათი) დასჭირდება დავალების შესრულებას. ეს უფრო ცალკეული ინდივიდუალური ან გუნდის შეფასებაა, რაც დაკავშირებულია კონკრეტული დროის ფარგლებში შესრულების საჭიროებასთან.

ობიექტურობა:

Story points უფრო სუბიექტური, მაგრამ შედარებითი შეფასებაა, რომელიც ეფუძნება გუნდის წინა გამოცდილებას და საერთო შეხედულებას. Story points გვაძლევს შესაძლებლობას დავალებების შედარებითი სირთულე გავიგოთ ერთმანეთთან მიმართებაში.

სამუშაო საათები უფრო დამოკიდებულია ინდივიდუალურ შეფასებაზე და შესაძლოა შეიცავდეს სუბიექტურ და დროის შეუსაბამო მონაცემებს, რადგან თითოეული ადამიანის ეფექტურობა განსხვავებულია.

მიზანი:

Story points მიზნად აქვს გუნდისთვის შექმნას საერთო გაგება დავალების სირთულეზე დროის დეტალურად განსაზღვრის გარეშე. ეს ეხმარება გუნდს უკეთ განსაზღვროს სპრინტის მოცულობა და რამდენი დავალების შესრულებაა რეალისტური.

სამუშაო საათები უფრო აკონკრეტებს, რამდენი დრო დასჭირდება კონკრეტული დავალების შესრულებას, რაც ხშირად ქმნის არასწორ მოლოდინს და ზეწოლას დავალების დროულად დასრულებაზე.

მოქნილობა:

Story points უფრო მოქნილი მიდგომაა, რადგან ის არ არის დაკავშირებული რეალურ დროის რესურსთან, რაც გუნდს აძლევს შესაძლებლობას შეაფასოს დავალების სირთულე მხოლოდ ძალისხმევის და რისკის მიხედვით, დროის დაწესებული გრაფიკის გარეშე.

სამუშაო საათები ხშირად უფრო შეზღუდულია, რადგან პირდაპირ განსაზღვრავს დროის ჩარჩოს და ქმნის მოლოდინს კონკრეტულ დროში შესრულების შესახებ, რაც არ ითვალისწინებს სირთულეს ან რისკს.

საბოლოო ჯამში, Story points გუნდს ეხმარება უკეთ განსაზღვროს სირთულის დონე და მიზნის მისაღწევად საჭირო ძალისხმევა, ხოლო სამუშაო საათების მიხედვით შეფასება კონცენტრირდება დროის კონკრეტულ რაოდენობაზე, რაც შეიძლება ყოველთვის არ შეესაბამებოდეს რეალურ სირთულეს და მოთხოვნებს.

რატომ უნდა გამოვიყენოთ Story points?

Agile გუნდებმა უნდა გამოიყენონ Story points, რადგან ისინი პროექტის მენეჯერებს საშუალებას აძლევენ უკეთ გაიგონ სამუშაოს მოცულობა და პროექტის ვადები. ეს გულისხმობს:

სწრაფი დაგეგმვა: როდესაც გუნდებს აქვთ დავალებების შეფასების განსაზღვრული სისტემა, ისინი პროექტებს უფრო სწრაფად და ეფექტურად გეგმავენ.

უკეთესი შეფასებები: Story points ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან, რაც გუნდებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ წინა Agile დავალებები, როგორც საწყისი წერტილი მომავალი შეფასებებისთვის და უკეთ მოახდინონ რესურსების განაწილება.

რეალური ვადების დასახვა: გუნდებს შეუძლიათ უფრო რეალისტური ვადების დასახვა.

პრიორიტეტები: Story points გვაძლევს საშუალებას ავიცილოთ დავალებების საათებში ან დღეებში შეფასების წნეხი, რაც ხშირად ზედმეტად მკაცრი ან შეზღუდულია. შეფასების ეს სისტემა საშუალებას გვაძლევს უკეთ დავაბალანსოთ სამუშაოს მოცულობა და უზრუნველყოს, რომ მაღალი პრიორიტეტის, მაგრამ უფრო რთულ დავალებებს მიექცეს საჭირო ყურადღება.

როგორ დავადგინოთ Story points

გიზიარებთ, სამ ყველაზე გავრცელებული გზას Story points-ის მინიჭებისთვის:

ფიბონაჩის მიმდევრობა: გუნდები ხშირად იყენებენ ფიბონაჩის მიმდევრობას მის ტრადიციულ ფორმაში (0, 1, 2, 3, 5, 8…) ან ინდივიდუალურ მეთოდს (0, 0.5, 1, 2, 3, 5, 8…), რათა დავალებებს Story points-ები მიანიჭონ.

“T-shirt” ზომების მიხედვით: ზოგიერთი გუნდი Story points-ებს ანიჭებს პატარა, საშუალო, დიდი და ძალიან დიდი “ზომების” მიხედვით.

სხვადასხვა მეთოდები: გუნდებს ასევე შეუძლიათ შექმნან მათ სამუშაოზე მორგებული Story points-ის სისტემა, მაგალითად მარტივი შკალა 1-5.

თუ თქვენი გუნდი კომპლექსურ პროექტებთან მუშაობს — და ყველანი მათემატიკურად გამბედავნი ხართ — ფიბონაჩის შკალა კარგად იმუშავებს. თუ საქმე გაქვთ მარტივ დავალებებთან, “T-shirt” ზომები ან სხვა მორგებული მეთოდი თქვენს გუნდს ზედმეტი დატვირთვის გარეშე მოერგება.

Agile-ის Story point მეთოდოლოგია თქვენს ბიზნესში

ახლა, როცა გავიგეთ, რატომ უნდა გამოვიყენოთ Story points Agile-ში, მოდით გავეცნოთ როგორ გამოვიყენოთ იგი წარმატებით ისე, რომ გუნდს არ შევახსენოთ ალგებრის გაკვეთილები.

Story points-ის პირველი შეფასებისას საჭიროა გუნდი შეთანხმდეს, თუ სად შეიძლება დავალებები მოთავსდეს თქვენს შკალაზე. გუნდი განიხილავს თითოეულ user story_ის (დავალებას) წინა დავალებებთან მიმართებაში და კითხულობს: ‘ეს უფრო მარტივია თუ რთული იმისგან, რაც ადრე გავაკეთეთ?’ 1 შეიძლება ნიშნავდეს მარტივ ბაგის გამოსწორებას, ხოლო 5 — ფუნქციას, რომელიც შეიცავს რამდენიმე გაურკვეველ ელემენტს. მიზანი არ არის სიზუსტე, არამედ შეთანხმება. გუნდის ყველა წევრმა უნდა გაიგოს, რა ნიშნავს პუნქტის მნიშვნელობა ჩვენს კონკრეტულ კონტექსტში. ეს თანმიმდევრულობა ხელს უწყობს სპრინტების დაგეგმვას და რესურსების ეფექტურ განაწილებას. Story points-ის შეფასების ერთ-ერთი პოპულარული გზა არის აქტივობა სახელწოდებით “Planning Poker”. ეს პროცესი — რომელზეც ქვემოთ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ — გულისხმობს გუნდის წევრების მიერ კონკრეტული დავალების Story points-ებით შეფასებას.

მატრიცის შექმნა დაახლოებით იმავე დროს, როცა თქვენი “Planning Poker” შეხვედრა გაიმართება შექმენით Story points-ის მატრიცა. ეს მატრიცები წარმოადგენს ვიზუალურ ილუსტრაციას თქვენი Story points-ის შკალისა, რომელიც გუნდს დაეხმარება შეფასებაში და სისტემის გაგებაში. ის ჩვეულებრივ ასე გამოიყურება:

Tshirt scale example

Fibonacci scale example

დაიწყეთ Planning Poker

მნიშვნელოვანი ნაწილი Agile-ის Story points-ის დასადგენად არის Planning Poker. Planning Poker არის კოლაბორაციული შეფასების ტექნიკა, რომელიც გუნდს ეხმარება Story points-ის გამოყენებაში. მიუხედავად იმისა, რომ გუნდებს ეს შეიძლება სხვადასხვანაირად გააკეთონ, ეს შეხვედრები ხშირად მიჰყვება მსგავს ჩარჩოს:

შეხვედრის წინ, შექმენით ბარათები თითოეული მონაწილისთვის, შკალის მიხედვით. მაგალითად, თუ აირჩევთ “T-shirt” ზომების შკალას, ყველა მიიღებს პატარა, საშუალო, დიდ და ძალიან დიდ ბარათებს.

განიხილეთ დავალება ან user story ჯგუფთან ერთად. შედით მაქსიმალურად დეტალებში დავალების სირთულესა და იმაზე, თუ როგორ გამოიყურება საბოლოო შედეგი.

ყველამ დადოს ბარათი, სადაც მითითებულია, რა უნდა იყოს ამ დავალების Story points.

თუ არის რაიმე განსხვავებები (მაგალითად, თუ ხუთმა ადამიანმა დადოს საშუალო ბარათი და ორმა დადო პატარა), განიხილეთ ეს ჯგუფთან ერთად, რათა ყველა შეთანხმდეს ერთ აზრზე.

სპრინტის სისწრაფის (velocity) მონიტორინგი

სპრინტის სისწრაფის მონიტორინგი უბრალოდ Agile-ის ენაა და ნიშნავს “გააკონტროლოთ, რამდენი დავალების შესრულება შეუძლია გუნდს 2-დან 4 კვირამდე პერიოდში.” სისწრაფის მონიტორინგი საშუალებას გაძლევთ უკეთ გაიგოთ თქვენი გუნდის მოცულობა და უფრო ზუსტი პროგნოზები გააკეთოთ მომავალი სპრინტების შესრულებაზე.

თქვენი პირველი Agile სპრინტი შეიძლება არ იყოს წარმატებული. საერთოდ, თქვენი მეორე Agile სპრინტიც შეიძლება არ იყოს წარმატებული. მაგრამ როცა უკეთ გაიცნობთ Agile-ის ჩარჩოს და შეასრულებთ Story points-ის უფრო ზუსტ შეფასებას, უკეთ გაიგებთ დავალებებს და თქვენი გუნდის შესაძლებლობებს. რეგულარულად დააკვირდით, როგორ მიმდინარეობს თქვენი სპრინტები და განსაზღვრეთ გაუმჯობესების არეები, რათა თქვენი გუნდი პოზიტიურ მიმართულებით განვითარდეს.

საერთო სირთულეები Story points-ის გამოყენებისას

თუ ახალბელად ხართ Agile-ში, ეს შეიძლება რთული და დამაბნეველი იყოს. აქ არის რამდენიმე დაბრკოლება, რომელსაც შეიძლება წააწყდეთ Story points-თან მუშაობის დაწყებისას:

შეუსაბამო შეფასება: დროთა განმავლობაში გუნდის წევრებმა შეიძლება დაიწყონ შეფასების შკალის სხვადასხვა ინტერპრეტაცია. თქვენი პროექტის სირთულე, რისკი და ძალისხმევაც შეიძლება შეიცვალოს. რეგულარულად გადაამოწმეთ თქვენი Story points-ები, რათა შეინარჩუნოთ თანმიმდევრულობა.

Story points-ის და დროის შეფასების აღრევა: Story points პირდაპირ არ არის დაკავშირებული პროექტის საათებთან. მოერიდეთ ქულების დროის ჩარჩოებად გადაყვანას და კონცენტრირდით სამ ძირითად პრინციპზე — სირთულე, რისკი და ძალისხმევა.

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს