როგორია UX/UI-ს როლი პროდუქტის განვითარებაში – ინტერვიუ ნიკა ბერეკაშვილთან

დღევანდელ ბიზნეს გარემოში სადაც კონკურენცია ძალიან მაღალია, მომხმარებლის ინტერფეისის (UI) და მომხმარებლის გამოცდილების (UX) მნიშვნელობა საკმაოდ მაღალია. ეს ელემენტები ხელს უწყობს მომხმარებლის ჩართულობას, ლოიალობას და ზრდის კონვერტაციებს.

UX/UI-ს როლზე და მის მნიშვნელობაზე ნიკა ბერეკაშვილს ვესაუბრეთ

F: დიდი ხანი არაა რაც, თანამედროვე სამყაროში UX/UI ხედვა შემოვიდა, რა ფუნდამენტური ცვლილებები მოიტანა ამან ? 

UX/UI – ის საფუძვლები ადამიანის მიერ შექმნილ თითქმის ყველა ნივთში თუ სერვისში შეგვიძლია ვნახოთ, მაგრამ გეთანხმები, რომ კონკრეტული ჩარჩოები, სახელები და თუნდაც პროფესია არც ისე დიდი ხანია რაც გამოჩნდა, განსაკუთრებით საქართველოში. პირველ რიგში ციფრული სამყაროს განვითარებამ დააჩქარა, ჩვენს ყოველდღიურობაში ისე შემოიტანა სხვადასხვა პროდუქტები, რომ ვერც ვიაზრებთ და ზოგიერთ შემთხვევაში, მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგვიდგენია. ეს შემთხვევითი საერთოდ არ არის და სწორედ UX/UI – ის პრინციპების უფრო სიღრმისეულად შესწავლის და შემდეგ პრაქტიკაში გამოყენების ხარჯზე მოხდა. 

გაზრდილია მომხმარებლის ჩართულობა, ინტუიციური და ვიზუალურად სასიამოვნო პროდუქტებზე ფოკუსირებით ბევრად უფრო სასიამოვნო და მარტივია ციფრული პროდუქტების მოხმარება. Ხელმისაწვდომობის კუთხითაც, რადგან UI/UX ითვალისწინებს სხვადასხვა ჯგუფების შესაძლებლობებს ციფრული პროდუქტები მეტად ინკლუზიური და ხელმისაწვდომია უფრო ფართო აუდიტორიისთვის. ითამაშა უდიდესი როლი პროდუქტების უფრო პატარა ეკრანებზე მორგებაში და სენსორულ ეკრანებთან ადაპტაციაში.  დღეს ჩვენ ძალიან რბილად და თითქოს შეუმჩნევლად გადავედით ისეთ მსოფლიოში სადაც სწავლა, ურთიერთობები, ბიზნესი, ჰობი, გართობა სრულიად განსხვავებულია სხვადასხვა ციფრული პროდუქტის გამო და საბოლოო ჯამში ადამიანების ყოველდღიურობა შეიცვალა. ჩვენ ბევრად მეტ დროს ვზოგავთ ცხოვრებაში. 

F: საქართველოში ეს მიმართულება როგორ არის განვითრებული, რას აკეთებენ ქართული კომპანიები სწორად ან თუნდაც არასწორად ? ხომ არ არის რაიმე დამახასიათებელი, რომელსაც მარტო ქართველები ვაკეთებთ ? 

საქართველოში ბოლო დროს დიდი ზრდაა ამ მიმართულებით, იმატა სტარტაპების რაოდენობამაც და კომპანიებიც ცდილობენ უფრო მეტად გაზარდონ საკუთარი ხარისხი და უფრო კონკურენტუნარიანები გახდნენ.  ჩამოყალიბდა სხვადასხვა ქომუნითი და ბევრი შესაძლებლობები გაჩნდა კოლაბორაციებისთვის. მათთვის ვისაც სურს ამ პროფესიას დაეუფლოს, საკმაოდ ბევრი კურსი და ინტერნეტ რესურსი შეიქმნა.

ყველა მარკეტს თავისი მახასიათებელი აქვს და ჩვენთან ჯამური მომხმარებლების სიმცირიდან გამომდინარე მხოლოდ დიდი კომპანიების პროდუქტებია სათანადოდ  განვითარებული და ამაზე ცოტა გული მწყდება, ეს მოქმედებს საქართველოს ბაზარზე მომუშავე დიზაინერზეც. კარგია რომ ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა, დიდ რესურსს დებს UX-ში და შესაბამისად, გლობალურ ბაზარზე გამორჩეული პროდუქტებიც იქმნება, განსაკუთრებით Fintech-ის მიმართულებით. თუმცა კიდევ ბევრი პროდუქტი თუ კომპანიაა ისეთი რომელსაც დიდი სივრცე და შესაძლებლობა აქვს განვითარებისთვის. 

F: მესმის, რომ რთული და კომპლექსური პროცესია, თან ეს პროცესი ყველა სახის პროდუქტზე განსხვავებულია, შენი ხედვა როგორია, როგორ უნდა განვითარდეს პროდუქტი სწორად. 

იმისთვის, რომ პროდუქტი განვითარდეს, აუცილებელია მომხმარებლების მოსმენა შეეძლოს ბიზნესს, ინსაითების სწორად გაანალიზება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. პროდუქტი ვერ შეიქმნება და არ უნდა იქმნებოდეს საბოლოო მომხმარებლებისგან შორს, რამდენიმე ადამიანის პირადი გემოვნების თუ გადაწყვეტილებების საფუძველზე. აუცილებელია მომხმარებლის გაგება, სამიზნე აუდიტორიის საჭიროებების, გემოვნების, ქცევის შესწავლა. კვლევის ჩატარება რომლის უამრავი მეთოდი არსებობს. ხშირად იდეით იმდენად მოხიბლულები ვართ, რომ უამრავი რამ გვაფიქრდება და გვინდა ყველაფერი თავიდანვე ქონდეს პროდუქტს თუმცა საჭიროა პრაგმატული მიდგომა, მომხმარებლისთვის გამარტივებული გამოცდილების შექმნა და მხოლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციონალის დატოვება, შემდეგ კი ნაბიჯ-ნაბიჯ აუდიტორიაზე დაკვირვებით სვლა ზრდისკენ და დამატებითი იდეების განხორციელებისკენ. ზოგჯერ დეველოპმენტის პროცესში ტესტირების და მომხმარებლებთან უკუკავშირის ეტაპი სრულად ამოღებულია პროცესიდან რაც უბრალოდ აუცილებლად გასაკეთებელი საქმის ცოტა ხნით გადადებაა და  მომავალში შესაძლოა ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ ფინანსურ ხარჯებთანაც იყოს დაკავშირებული.  შესაბამისად ბიზნესი ღია უნდა იყოს მსგავსი იტერაციებისთვის, რადგან საბოლოო ჯამში პროდუქტს იმაზე მეტი ადამიანი გამოიყენებს ვიდრე ქმნის. 

 მოდი ესე გავყოთ, დამწყები ბიზნესები ვინც ეხლა იწყებს პროდუქტის განვითარებას მათ რას ურჩევ და რას ურჩევ ბიზნესებს ვისაც უკვე არსებული პროდუქტი აქვთ და სურს ეხლა განავითაროს. 

დამწყები და შემდგარი ბიზნესებისთვისაც აუცილებელია არ დაენანოთ დრო და რესურსი იმისთვის რომ შესაბამისი პროფესიონალები ჩართონ თავიანთ საქმიანობაში ან თუნდაც თავად ცადონ და უფრო მეტად დაუახლოვდნენ საკუთარი მომხმარებლების გამოცდილებას. 

ვინც ეხლა იწყებს – შეუდგნენ საკუთარი აუდიტორიის შესწავლას, ფოკუსი ქონდეთ სიმარტივეზე და მოერიდონ რთული, კომპლექსური ფუნქციონალით მომხმარებლების გადაღლას. შეეგუონ, რომ ბევრი იტერაცია იქნება საჭირო და წინასწარ მოემზადონ სწრაფი ცვლილებებისთვის. ხშირად ეკონტაქტონ საკუთარ მომხმარებლებს, რაც პატარა მასშტაბზე ბევრად უფრო მარტივია, აუცილებელია ადრეული პრობლემების აღმოჩენა მალევე მოხდეს. იყვნენ კონსისტენტურები დიზაინის კუთხით და ბევრი ისწავლონ როგორც უშუალო კონკურენტებისგან ისე ზოგადად ინდუსტრიის ლიდერებისგან. 

რაც შეეხება დიდ ბიზნესებს, ვისაც სურს საკუთარ პროდუქტის გაუმჯობესება – დაიწყონ აუდიტით, იმისთვის, რომ აღმოაჩინონ არსებული პრობლემები და გაუმჯობესების შესაძლებლობები. ჩაატარონ ინტერვიუები არსებულ მომხმარებლებთან. თანამედროვე ტრენდების და კვლევების მიგნებების გათვალისწინებით რე-დიზაინი საგრძნობლად გააუმჯობესებს პროდუქტს თუ ყველაფერი სწორად არის გაკეთებული. შესაძლოა ინსაითებზე დაყრდნობით ახალი, ინოვაციური ფუნქციონალის საჭიროებაც გამოჩნდეს.

 რადგან UX ბევრისთვის მაინც ციფრულ ტერმინთან ასოცირდება უნდა ვთქვა, რომ სრულიად განსხვავებული სერვისების მწარმოებლებსაც ძალიან გამოადგებათ User Experience-ის საფუძვლების საკუთარი ბიზნესის ჭრილში გასააზრებლად. მაგალითად სასტუმროს შემთხვევაში თუკი დაუსვამენ საკუთარ თავს კითხვებს – რამდენად მარტივია ვიზიტორისთვის შენობაში გადაადგილება და ნავიგაცია, რამდენად მარტივად შეიძლება ადამიანი დახმარების გარეშე მოხვდეს მისთვის სასურველ სივრცეში? რამდენად მარტივად წასაკითხია მათი მენიუები, ტექსტის ზომა ხომ არ არის პატარა ადამიანისთვის ვისაც სათვალე ჭირდება და ნომერში დარჩა? მსგავსი მცირე დეტალები საბოლოო ჯამში დიდ სასიამოვნო სხვაობას იძლევა მომხმარებლებისთვის. 

რა უნდა გავაკეთოთ, რა უნდა გავითვალისწინოთ, რაზე უნდა ვიფიქროთ და რა არ უნდა გავაკეთოთ პროდუქტის განვითარების პროცესში ?

პროდუქტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლების შესწავლა და მათი საჭიროებების გათვალისწინება. მარტივი, ინტუიციური და კონსისტენტური  დიზაინის შექმნა და შენარჩუნება. სხვადასხვა მომხმარებლების ტიპების და მათი შესაძლებლობებზე მორგება. არ უნდა დავაიგნოროთ უკუკავშირი, მაქსიმალურად ავარიდოთ თავი რთულ, კომპლექსურ ფუნქციონალს და არ დავზოგოთ დრო ტესტირებაში. 

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს